გახსოვთ, რომ ამბობდნენ, სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა და უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო? და ბოლოს რაზე მასამართლებენ? საქართველოში დაბრუნებისთვის, “პიჯაკებისთვის” და საპრეზიდენტო ოფისის სხვადასხვა ხარჯებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას ასამართლებენ იმის გამო, რომ ქვეყანაში კორუფცია დაამარცხა.
“ეს არის მძიმე ბრძოლა, ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ასევე, ჩემი სოლიდარობა ტელევიზია “მთავარის” ჟურნალისტურ კოლექტივს, რომელიც დახურეს სხვადასხვა მანიპულაციებით.
სასაცილოა, როდესაც ვიღაცები თავს არიდებენ პოლიტიკურ პატიმრებში ჩემს ხსენებას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში, რისთვის ვარ მე აქ. გახსოვთ, რომ ამბობდნენ, სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა და უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო? და ბოლოს რაზე მასამართლებენ? საქართველოში დაბრუნებისთვის, “პიჯაკებისთვის” და საპრეზიდენტო ოფისის სხვადასხვა ხარჯებისთვის.
ეტყობა ჰგონიათ, რომ ოლიგარქი მოიშორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილი არ მოუშვან არსად. არსად არ მოვდივარ, მაგრამ ეს არის დიდი ბრძოლა. მე ვიცი, რომ ჩემი სახელის ხსენებას ერიდება ბევრი ტელევიზია, მაგრამ ჩემი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა და ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. გავაზიაროთ სოციალურ ქსელებში.
ახლა რეჟიმს დაჩქარებული ტემპით მიჰყავს ეს პროცესები იმიტომ, რომ ცდილობენ ჩემს განადგურებას. ჩემი განადგურება არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც მათ გაანადგურეს – ქართული სახელმწიფო. ვერავინ ვერ წაშლის იმას, რომ ჩვენ ვიყავით სიმბოლო ყველაზე წარმატებული 9 წლის საქართველოში. მე ვისჯები იმიტომ, რომ ჭაობიდან შევქმენი ბათუმი, იმიტომ, რომ ტურისტების რაოდენობა მივიყვანე 7 მილიონამდე, ვისჯები იმიტომ, რომ კორუფცია და ხალხის ხარჯზე გამდიდრება დავამარცხე, ვისჯები იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და დავბრუნდი იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკი იყო ჩემი სიცოცხლისთვის. თუ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, მაშინ რაღაა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, გამოფხიზლდეს და გაერთიანდეს. ის, ვინც თავს არიდებს ჩემი სახელის ხსენებას, ის დემოტივაციას აკეთებს ჩემი მომხრეების. იარონ აქციებზე, ჩვენ გვჭირდება ბევრი ხალხი. ეს არის ჩემი მოწოდება.
საქართველოში ჩამოყალიბდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი, ლუკაშენკოც კი აპირებს უახლოეს მომავალში ყველა პოლიტიკური პატიმრის გაშვებას. საქართველოში კი პოლიტიკურ პატიმარს მხოლოდ ამატებენ.
ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. მე ვიბრძოლებ გამარჯვებამდე, ბოლომდე არ არის სწორი ტერმინი. დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი. უკვე შექმნილია ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ძალიან საამაყო ახალგაზრდებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.