spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა, პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა

თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ჩვენი ხალხებისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქამდე იჩენდა ჩემ მიმართ სოლიდარობას და მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტებიც კი გამოხატავენ ადამიანურ სოლიდარობას. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ჩვენი ხალხებისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და  განადგურებით მსჯიან იმისათვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არცერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერავის ვერ ავუხსნი, მაგრამ მგონი ასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის. ჩემთვის ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა, იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. ახლა რომ დადიან ქართველები, ხომ მოგწონთ საამიროები, როგორი მაგარი ქვეყანაა, ამაზე ბევრად  მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო, რომ დაგვცლოდა. ეს, პრაქტიკულად, განადგურება ვითომ სასამართლო წესით, არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი, ყველა ჩემი მომხრე დააშინონ და ამით ცდილობენ, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან, რომ მასაც იგივე ბედის ელის, თუ უკრაინას არ ჩააბარებს.

მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არჩაბარებისთვის 2008 წელს. ეს ყველაფერი ამისთვის არის, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს, როდესაც რუსეთს გამოვგლიჯეთ სეპარატისტული ქალაქი. იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება შევძელი, იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხეთ, იმისთვის, რომ ვიღვწოდი ხალხისთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის. ბოროტების ძალებისთვის მე ვიყავი საშიში, როგორც პრეზიდენტი, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი და უკრაინისთვის მებრძოლი, მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები მკვდარიც, რადგან ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარჩენად.

“ხალხო, შეხედეთ ძალიან მარტივად, სერბეთში რამდენი ხალხი გამოვიდა და სერბეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთავრობა სხვანაირად უნდა მოიქცეს, გამოხატა სურვილი, დანიშნონ არჩევნები. ერთადერთი რამ მინდა გითხრათ, ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. აგერ ნახეთ, სომხეთი და  აზერბაიჯანი ხელს აწერენ ხელშეკრულებას, თურქეთი და სომხეთი აწერენ ხელშეკრულებას, ერთადერთი გაუბედურებული, მიტოვებული ქვეყანა რჩება საქართველო, დაუცველი და განადგურებული. არ მეგონა, თუ ამას ოდსმე მოვესწრებოდი, მაგრამ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, ეს არის ერთადერთი გზა. მინდა, ვუთხრა მტრებს, მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, რადგან ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას და გამარჯვებას, საქართველოს წარმატებას. ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ერს. გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ. რაც უფრო წლები და საუკუნეები გავა, მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება, რა გავაკეთეთ. კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობა იმისა, რასაც ჩადიხართ თქვენ. ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები