ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა, მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“ეს არის ე.წ. პროცესი ე.წ. სასამართლოში და სასაცილოა, როდესაც მე მიწოდებენ ბრალდებულს, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის განმავლობაში შევქმენით, ის ხალხი საქართველოს და მთელ მსოფლიოს დასცინის. მე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიცნობს, ამ მდგომარეობაში მამყოფებს და მაიძულებს, იმის მაგივრად, რომ ვემსახურო საქართველოს, უკრაინას და გამოვიყენო ჩემი უზარმაზარი გამოცდილება, უმაღლესი კლასის განათლება, ძალიან დიდი კონტაქტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მაიძულებს, რომ ვეურთიერთო ე.წ. გამომძიებლებს და ე.წ. პროკურორებს.
მინდა, მივმართო მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს – პარტიებს, სხვადასხვა ბანერებს – ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში დასრულებულია? საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და საბოლოოდ, დეპოში აღმოჩნდა. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა სამშვიდობოზე მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი გაგვიყვანს, ყოველგვარი პარტიული განსხვავების გარეშე.
მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს – ძალიან პატარა ხალხი ხართ. მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში.
ასევე, მინდა, მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე.
ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა, მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.