ცხოვრება ყველაფერს აუცილებლად თავის ადგილზე დააყენებს და ყველას მიახვედრებს, რომ რაც არ უნდა პიროვნული და იდეური განსხვავება იყოს, ჩვენი მიზანი და სამიზნეც მაინც ერთია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს წერს.
“ვარდების რევოლუციიდან” 20 წლის გასვლის გაშუქებისას, ყურში რამდენიმე უზუსტობა და უხეში შეცდომა მომხვდა, რომლებსაც მინდა ამ პოსტით გამოვეხმაურო.
პირველი უხეში შეცდომა, რომელიც გადაცემიდან გადაცემაში მეორდებოდა, იყო ის, რომ ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე და ამას მას პირად დამსახურებად უთვლიან. ეს ცნება ძალიან შორს არის სიმართლისგან.
ჯერ ერთი, ზუგდიდში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ჩვენს მიტინგს და ორი ჩვენი აქტივისტი მძიმედ დაიჭრა. კახეთიდან მომავალი ავტობუსების კოლონასაც გაუხსნეს ცეცხლი, ამ ინციდენტის დროს ქალი დაიჭრა. დაბოლოს, შევარდნაძემ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა.
“ფორმულას” დოკუმენტურ ფილმში ნარჩემაშვილი ჰყვებოდა, რომ მან ააღებინა ხელი შევარდნაძეს ძალის გამოყენებაზე. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე გაემგზავრა ბათუმში და იქიდან შემოუთვალა უარი შევარდნაძეს ჯარის გამოყენებაზე. მე მთელი ეს პერიოდი ხაზზე ვიყავი შევარდნაძის გარემოცვის სხვადასხვა გავლენიან წარმომადგენელთან და ვარწმუნებდი მათ, არ გამოეყენებინათ ძალა. ამ საქმეში დადებითი როლი ითამაშა შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსმა სულხან პაპაშვილმა.
როდესაც შევარდნაძე გადადგა, მე თვითონ აღარ გავამახვილე ყურადღება ამ ფაქტებზე და პირიქით, დადებით კონტექსტში მოვიხსენიე გადამდგარი პრეზიდენტი.
რატომ? იმიტომ, რომ გვინდოდა სიტუაციის დაწყნარება და წინ გახედვა, მაგრამ ახლა, 20 წლის გასვლის შემდეგ, სიმართლე არ უნდა დავამახინჯოთ.
ასევე, ძალიან გამიკვირდა მიშა მაჭავარიანის ნათქვამი, რომ “სააკაშვილს და ჟვანიას უფრო დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ (რევოლუციამდე), ვიდრე ოპოზიციას მაშინდელ ხელისუფლებასთან”. არ ვიცი რისთვის დასჭირდა მიშას ამის თქმა, მაგრამ ეს რბილად რომ ვთქვა, დიდი უზუსტობაა. სიმართლე ისაა, რომ როდესაც “მოქალაქეთა კავშირიდან” წამოვედით, მართლაც ვერ შევძელით შეთანხმება ერთიანი პარტიის შექმნაზე და მე გადავწყვიტე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჩამოყალიბება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ოფისების საქირავებლად და გადაადგილებისთვის პირველი თანხები, სწორედ ზურაბმა გვიშოვა და გადმოგვცა. შემდეგ, ჩვენი ორი პარტია ერთად აწყობდა აქციებს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. სწორედ ზურაბის ჯგუფის ხმებით გავედი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ.
აჭარაში ჩვენი აქციის დარბევა “ბურჯანაძე – დემოკრატებმა” სწორედ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით ძალიან ხმამაღლა დაგმეს. დამატებით მინდა გავიხსენო, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, მე და ზურა რეგულარულად ვხვდებოდით და ვურეკავდით ერთმანეთს, ვუზიარებდით კამპანიის გამოცდილებას.
ჩემი აზრით, მიშამ ეს თქვა იმისათვის, რომ დღევანდელ ოპოზიციასთან გაევლო პარალელი. ნეტავი დღევანდელ ოპოზიციას ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ერთმანეთთან, როგორც “ვარდების რევოლუციის” წინანდელ ოპოზიციას.
არა უშავს, ცხოვრება ყველაფერს აუცილებლად თავის ადგილზე დააყენებს და ყველას მიახვედრებს, რომ რაც არ უნდა პიროვნული და იდეური განსხვავება იყოს, ჩვენი მიზანი და სამიზნეც მაინც ერთია”, – წერს სააკაშვილი.