ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში, წყდება ყველაფერ იმის ბედი, რაზეც ჩვენ ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
“ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში, წყდება ყველაფერ იმის ბედი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო, რომელიც გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილებების გამო, რომელიც ჩვენ შევიყვანეთ, როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს უკან ვერავინ შეაბრუნებს, მთავარია ვიაროთ წინ, ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე. ძალიან მარტივია დღევანდელი არჩევანი, დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი არის დაკარგული. ანაკლიაში ლაზიკის პორტი, გვქონდა გათვლილი, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა, ამათ გადაწყვიტეს, რომ ჩინელები შემოიყვანონ და ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში, გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას? ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც იმისთვის შევქმენით, რომ 60 ათასი ადამიანი დაგვესაქმებინა, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ჩვენ საქართველო საქართველოს მოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ. ძალიან უჭირს იმ თაობას, რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. ჩემი შვილი, ნიკოლოზი მუშაობდა კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში 4 ლარს იღებდა, მისი თანატოლები, ასევე, მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ შესანახი. როდესაც ასე მუშაობ, სწავლის და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ. ეს ის თაობაა, რომელსაც თავის დროზე მიშას თაობა ვუწოდე. ეს ის თაობაა, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ძალაუფლება. ეს თაობაა, რომელმაც საქართველო ძალიან წინ უნდა წაიყვანოს. ერთი ფაქტი ჯიუტია. ჩვენს დროს ბევრად მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ივანიშვილის დროს, 800 ათასმა ქართველმა მიატოვა საქართველო. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველებისგან დაიცლება, ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად. ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მოწმის სახით იკითხება ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე.