ამბობენ, რომ სააკაშვილმა მოიყვანა ივანიშვილიო. ყველამ, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის მოსვლით ქვეყანა განადგურდა.
“ამბობენ, რომ სააკაშვილმა მოიყვანა ივანიშვილიო. ყველამ, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო. გასაგებია რატომაც წამოეგო, იმიტომ, რომ უნდოდა უკეთესზე უკეთესი. მივიღეთ სრული კატასტროფა, მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველო ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. საკმარისია უკრაინაში შეწყდეს სისხლი, სად წავა მერე რუსეთი? მათ სამხედრო მანქანების გაჩერება, უბრალოდ არ შეუძლიათ. წავა მოლდოვაში? ვერა, იმიტომ, რომ უკრაინაა შუაში.
მსოფლიოში საქართველოს გავლით წავა. ეს არის მწარე რეალობა, თუ ეს ვითარებაა დროზე არ შეიცვალა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება ვითარების შესაცვლელად. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე იმიტომ, რომ ყველაზე ადრე დავინახე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.