მე მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, ვინაიდან შეშინებული დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება, ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
“მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ. მადლობა მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე. უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, დამფრთხალი ხელისუფლება სისუსტეს ასხივებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის.
რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში, ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი გზა, გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება.
რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.