ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. მე ჩემი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, იმის გამო, რომ ვხედავდი, ქვეყანას ვკარგავდით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ახლა ისე მოქმედებს, როგორც იანუკოვიჩი.
“ივანიშვილი ახლა ისე მოქმედებს, როგორც იანუკოვიჩი. იანუკოვიჩმა ყველაფერი სცადა, მოიპარა არჩევნები, ქვეყანას კურსი შეუცვალა, ყველანაირი ძალა გამოიყენა, მაგრამ ხალხი გამოვიდა, როცა უკვე შემოეცალა ხელში ეს ძალაუფლება და ძალოვანი აპარატი, იძულებული გახდა გაქცეულიყო.
იანუკოვიჩს, იულია ტიმოშენკო, თავისი პოლიტიკური პატიმარი, ციხის საავადმყოფოში ჰყავდა გამომწყვდეული. ივანიშვილი რომ იძახის რომ იანუკოვიჩი არ ვარო, ერთი ერთში იმეორებს იანუკოვიჩისა და ასლანის ამბებს. ასლანმაც ასე მოიპარა არჩევნები და ასე იყენებდა რეპრესიულ აპარატს.
ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავიღალოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ახლა დავიღლებით, ხვალ და ზეგ ამას ძალიან მწარედ ვინანებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ გვექნება.
ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. მე ჩემი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, იმის გამო, რომ ვხედავდი ქვეყანას ვკარგავდით.
ახლა, მთავარია ცოტა კიდევ მეტი გამბედაობა, კიდევ მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ბრძოლისუნარიანობის ჩვენება და მე, დარწმუნებული ვარ, რომ უცხოეთის მხარდაჭერაც გვექნება სწორედ ამ პირობებში. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება სწორედ ამ პირობებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.