გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე ექსპერტიზისთვის შევიდნენ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და იძულებით გადაყვანას, ასევე მასზე განხორციელებულ ძალადობას.
ექსპერტიზას ასევე დაესწრება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
“დღეს შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სამსახურთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი – საუბარია პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე. განხორციელდება სააკაშვილის სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას. თუ ნივთმტკიცების თაობაზე განაცხადებს, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება. კადრები გამოთხოვილი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.