“ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი მართლაც უმნიშვნელოვანესი და მთავარი პრიორიტეტია. ეს რომ საერთო ეროვნული მიზანი იყო სწორედ ამის გათვალისწინებით გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის მეცადინეობით“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ საერთო ეროვნულ მიზანზე უფრო მეტი მნიშვნელობა ოპოზიციისთვის, ხელისუფლებასთან ქიშპობამ და დაპირისპირებამ შეიძინა.
“მათი სურვილი და ინტერესია დააზიანონ ხელისუფლება თუნდაც ამას მთელი ქვეყნის ეს მეტად მნიშვნელოვანი ინტერესი შეეწიროს. ამის გამო დაიწყეს იმ აზრის გავრცელება და დანერგვა, თითქოს და საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არადა გადასარევად იციან, საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა წინა წელსაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე საქართველოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება. ისიც იციან, რომ აბსოლუტურად არათავსებადია ქვეყნის პერსპექტივებთან იმის მტკიცება, რომ დაუმსახურებლად მოხდეს სტატუსის მონიჭება. რა არ მოიფიქრეს საქართველოს წუნდებულობაზე რიტორიკით გამოწვეული ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად – ხან „ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა“, ხან ფული ხარჯეს საქართველოსთვის სანქციების დაწესებისთვის, ხან ისიც თქვეს, რომ „საქართველო კი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მაინც სწორი იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაო“. საბედნიეროდ, იმედია, რომ ამაოდ დაშვრნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.