spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შეუთავსებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.

 

“ეს განცხადება მოვისმინეთ. საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

 

იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, კონტექსტი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიმართულებით ურყევი ნება იქნება ის ფაქტორი, რომელიც, ადრე თუ გვიან, შეგვაძლებინებს, რომ გავამთლიანოთ საქართველო. პირადად ჩემთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას, რაც არ უნდა შეფასება მიეცეს – იქნება ეს გაფრთხილება, მუქარა თუ ნებისმიერი სხვა რამ. რასაკვირველია, ეს თანაბრად მიუღებელია საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, არ არსებობს ფორმა, რომელიც შეიძლება, ამ უზენაესი ღირებულების რაიმე ფორმით ხელყოფის შესაძლებლობას ქმნიდეს.

 

ამასთან დაკავშირებით რეაგირება გახლავთ მეტი ერთგულება გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხების და გზების გამოყენებას გულისხმობს. ადრე თუ გვიან, ეს იდეა განხორციელებადია, რადგან ასეთია ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

სარჯველაძის თქმით, სპეკულაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლება დუმს.

 

“წმინდა წყლის სპეკულაციაა, როდესაც ამბობთ, რომ დუმილია ჩვენი მხრიდან. ამწუთას ვაკეთებ განცხადებას და ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელი რამ არის. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ, ახლა უერთგულოთ არა ქვეყანას, არამედ – პარტიას და დაარქვათ დუმილი, საქართველოს მხრიდან შემრიგებლური დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს ინტერესით ვინც მოქმედებს, ეს განცხადება ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს აქვს მტკიცე, ურყევი პოზიცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ვერასდროს შეურიგდება. კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შეუთავსებელია, დამთავრდა. მგონი, ამასთან დაკავშირებით ვისაც კითხვას დაუსვამთ, ყველასგან იდენტურ პასუხს მიიღებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები