ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა იყო, რასაც უკანონო ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
“ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება ძალიან მკაფიო იყო: ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო, უკანონო შეჭრა, რასაც მოჰყვა უკანონო ოკუპაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება.
რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ისინი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ცდილობენ, სრულიად დაუსაბუთებელია”, – განაცხადა მილერმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.