spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მირიან მირიანაშვილი – რუსეთის ტაქტიკა დღევანდელი მდგომარეობით შემდეგია, რომ მას აქტიური მოქმედებების ფრონტის ხაზზე 16-17 თვემდე დარჩა

რუსეთ-უკრაინის 3-წლიანი ომის შემდეგ მოლაპარაკებების შედეგად,  პირველად მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. საუდის არაბეთში 23 მარტს დაწყებული მოლაპარაკებები 25 მარტს დასრულდა, რუსეთმა და უკრაინამ, ამერიკის შუამავლობით, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგიანი შეხვედრებისთვის კი ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგისგან მადლობაც მიიღო და კრიტიკაც – ვოლოდიმირ ზელენსკი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. რუსეთს კი, მასზე ზეწოლის შემსუბუქების პარალელურად, სხვა პირობებიც აქვს, მათ შორის, დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნა, რაც საერთაშორისო საბანკო სისტემასაც მოიაზრებს. არის თუ არა ეს ამ 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეთანხმება? ამ და სხვა საკითხებზე Fronts News-თან ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი საუბრობს.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ 3-წლიანი ომის განმავლობაში შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, თუ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შავ ზღვაში ცეცხლი ისედაც 2022 წლიდან უკვე შეწყვეტილი იყო და ვისაც ეს შეთანხმება ყველაზე მეტად აწყობდა, რუსეთია?

– ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში წმინდა დეკლარაციული სახით იქნა მიღებული. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთის ფლოტის მდგომარეობა შავ ზღვაზე დღეისთვის სახარბიელო არ არის. სიტუაცია კი ასეთია, რუსეთის ფლოტები ნავსადგურიდან გამოსვლას ვერ ბედავენ, რადგან რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა არ გააჩნიათ. ნებისმიერი მათი პორტიდან გამოსვლა შესაძლოა, ფატალურად  დამთავრდეს. ეს გემები პორტში სეტკაში არიან, როგორც წყლის ზევით, ასევე წყლის ქვევით. ამიტომ სახომალდო შემადგენლობა ამ ფორმით არის დაცული. რუსებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ თავისი პორტებიდან ესროლოს უკრაინის გემებს, რადგან ამისთვის შავი ზღვის აკვატორიაში ისეთი პოზიციის დაკავება, რომ დასავლეთ ნაწილში რუმინეთის და ბულგარეთის საზღვრამდე მისწვდეს უკრაინელებს რაკეტებით. ან და სჭირდება იგივე პოზიციებზე ავიაცია გავიდეს. ვერცერთი ვერც გემი და ვერც ავიაცია ამას ვერ აკეთებს.

ამიტომ რუსები უკრაინის საზღვაო ვაჭრობის ჩაშლას ვერაფრით ახერხებს. თავად რუსებს კი საკუთარი პორტები სამოქალაქო ვაჭრობაში ჩართვის თვალსაზრისით, პრობლემები აქვთ იმიტომ, რომ მთელი ევროპის პორტები ჩაკეტილი აქვთ. ამიტომ რუსეთი ითხოვს პორტების ლეგალიზებას. სხვა შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტას მისთვის არანაირი აზრი არ აქვს. ასევე არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის  მნიშვნელოვანი. დღევანდელი მდგომარეობით, ცეცხლი ისედაც სამოქალაქო გემებისთვის შეწყვეტილია. რუსეთს ვაჭრობა არ აქვს და არანაირი გემი ნოვოსიბირსკში არ შედის. შესაბამისად,  უკრაინაც თავს არ ესხმის იმას, რაც ისედაც არ არის.  ხოლო რუსეთი თავისი ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, დასავლეთის შავი ზღვის აკვატორიაში თავს ვერ ესხმის. რუსებს რეალურად ეს სჭირდებათ  ვაჭრობის ლეგალიზებისთვის.  შავ ზღვაში ცეცხლი ისედაც შეწყვეტილი იყო.

– საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, როგორც დასავლური მედიით ხდება ცნობილი,  რუსეთი ასევე აპირებდა მოეთხოვა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მის კონტროლქვეშ გადასვლა მოეთხოვა. როგორ ფიქრობთ, პუტინი ამ 4 რეგიონს, რომელიც მას უკვე კონსტიტუციაში საკუთრებად აქვს შეტანილი, რეალურად დათმობს? პუტინი ფიქრობთ, რომ ამ რეგიონების მისაღებად ბოლომდე ივაჭრებს?

– რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა წყლის სავაჭრო და მეტი არაფერი. რუსეთმა 2024 წელს, მთელი წლის მიმდინარე შეტევებით მოიპოვა ტერიტორია, რომელიც 2800–2900 კილომეტრამდეა. ეს არის დაახლოებით ახმეტის რაიონის ტოლი ტერიტორია. ამაში, როგორც ბრიტანელები  და ამერიკელები ამბობენ, რუსებმა ას ორმოცდაათი ათასი კაცის სიცოცხლე ჩადეს. ერთი ამდენი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი ჰყავთ კიდევ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ამ  შეტევებით 2025 წელს დაიკავებს იმ სივრცეებს, რომელიც 2024 წელს დაკავებულ ტერიტორიებს 120-ჯერ აღემატება, წარმოუდგენელია. აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია სადღაც 300 ათასამდეა. ახლა შეადარეთ 2500 კილომეტრიდან 300 ათას კილომეტრამდე რა ტემპები და ხალხის რაოდენობა სჭირდება, რომ ეს ტერიტორია დაიკავონ. ამ ტემპით მას უკრაინის ტერიტორიის დაკავება მინიმუმ 150 წელი სჭირდება. მინიმუმ დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი მსხვერპლად. ეს ხომ აბსურდია, ამიტომ ეს მხოლოდ წმინდა სავაჭრო პოზიციაა, რომელსაც პუტინი ამ მოლაპარაკების პროცესში იყენებს.

– ამ მოლაპარაკების ფონზე ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლი ფსონს დებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე, რათა, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში კიევზე უპირატესობა მოიპოვოს. თუ ეს ასეა, ამას ვერ ხვდება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი? თუ ხვდება და უბრალოდ ის ცდილობს პუტინი მოლაპარაკების მაგიდამდე მიიყვანოს? 

– რუსეთის ტაქტიკა დღევანდელი მდგომარეობით შემდეგია, რომ მას აქტიური მოქმედებების ფრონტის ხაზზე 16-დან 17 თვემდე დარჩა. რუსეთში სატრანსპორტო კოლაფსი იწყება, ანუ საავტომობილო გადაზიდვები შარშან შემცირდა 30%-ით და რკინიგზა 25%-ით. ეს კი იმ დისბალანსიდან არის გამოწვეული, რომ რუსეთისთვის ევროპის პორტები დაკეტილია. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის თითქმის 95% შავი ზღვის და ბალტიის ზღვის პორტების იყო. დღეს ესენი ფაქტობრივად განულდნენ, რადგან ორიენტირებულები ევროპის საზღვაო პორტებთან ვაჭრობაზე იყვნენ.

ფაქტობრივად  ყველაფერი ახლა გადავიდა იმაზე, რომ რუსებს იგივე ტვირთები შორეული აღმოსავლეთიდან მოაქვთ. რაღაცა მცირე ტვირთები არის ნაცრისფერი ზონიდან, ესაა ჩვენი ქვეყანა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან. თუმცა ეს არის ძველი ტვირთების 5-10%. სად ახლა ავტომობილით ჯვრის უღელტეხილზე ტვირთი გადაიტანო და სად ნოვოსიბირსკის პორტების ტვირთის გამტარობა. ამიტომ ფაქტობრივად ეს სატრანსპორტო კოლაფსი რუსეთს დაგეგმილი აქვს. იგივე ხდება დღეს რუსეთში, რაც უკვე პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, როცა მაშინაც ევროპის პორტები იყო რუსეთისთვის დაკეტილი. პირველ რიგში რუსეთში როგორც ყოველთვის კრიზისს სატრანსპორტო კოლაფსით იწყება. სწორედ ამის ნიშნები ჩანს ახლა. იმისთვის, რომ ახლა რუსეთმა დროის იმ ლიმიტში მოასწროს ომში შედეგის დადება, ეს არის როგორც უკვე აღვნიშნე 17 თვემდე ვადაში. ახლა რუსეთის მომარაგებაში მთლიანად ჩართულია ჩინეთი და ჩინეთის ფლოტი, მისი შესაძლებლობები, მაგრამ ეს ამ ომისთვის უკვე საკმარისი აღარ იყოს. რუსეთი, რა თქმა უნდა თავისი  რიტორიკით ამ პრობლემების შენიღბვას ცდილობს, მაგრამ ამას ხომ ყველა ხედავს.

– ეს იცის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ასევე საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ რუსეთთან ტრამპი ამ რბილი რიტორიკით საუბარს იმიტომ აგრძელებს, რომ მას სურს ის ჩინეთს გამოსტაცოს და რუსეთი გადაიბიროს. ფიქრობთ, რომ ბოლომდე დაჩოქებული რუსეთი ამერიკასაც არ აწყობს?

– აქ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ რომ ანგლოსაქსების პოლიტიკაში კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის კოლაფსი. ზუსტად ერთი წლის უკან, მახსოვს აპრილი იყო, ცნობილი სალიანის გამოსვლა, რომელიც ბაიდენის ხელისუფლებაში უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მან თქვა, რომ რუსეთის კოლაფსი ნიშნავს მთელი ციმბირის ჩინეთისთვის ლანგარზე მირთმევას. ამერიკისთვის ეს  სერიოზული პრობლემაა, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. მაშინაც არსებობდა საფრთხე, რომ რუსების დამარცხებით გერმანია მიიღებდა რუსეთის რესურსს და ამას პლუს გერმანიის შესაძლებლობები ემატებოდა.

ახლაც არსებობს ეს საფრთხე, რომ რუსეთის დაჩოქებით ჩინეთი ციმბირს მიიღებს, ეს კი ამერიკისთვის მიუღებელია. შესაბამისად რუსეთის შენარჩუნება ნომერ პირველი ამოცანაა. რასაკვირველია, არც რუსეთის გამარჯვება უნდათ და არც მისი დაქცევა. ამიტომ არის ამერიკული დიპლომატია ცდილობს რუსეთი დაყოფის და დანაწევრების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. ამერიკის მხარემ არაა გამორიცხული კიდევ დაიხუროს ქუდი და ამ მოლაპარაკებიდან გავიდეს. დაელოდოს უკრაინაც  და რუსეთიც როდის დაუძლურდებიან, რათა ისინი იძულებული გახადოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

– უკრაინაში არსებობს ასევე შიდა პრობლემებიც და უკვე აშშ-სგან არაერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დასავლური მედია და უკრაინულიც წერენ, რომ ზელენსკიზე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სერიოზული ზეწოლა მიდის. მათ საკუთარი კანდიდატებიც კი ჰყავთ უკვე შერჩეულები. როგორ ელით უკრაინის შიგნით ამ მოლაპარაკების ფონზე მოვლენების განვითარებას? 

– უკრაინაში უკვე დიდი ხანია, ზელენსკის გუნდის პრობლემაა. ზელენსკის უძნელდება ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რადგან მომენტალურად მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. არა მარტო იმაში, სად წავიდა დასავლეთის მიერ მიცემული დახმარების დიდი ნაწილი, არამედ იმაზეც ვინ გადააბარა ომის პირველ დღეებში სამხრეთ უკრაინა რუსეთს. ამიტომ ზელენსკისთვის თანამდებობიდან წასვლა დიდი პრობლემაა. ასევე ამერიკაშიც ბოლომდე არ არიან ჯერ ზელენსკის შემცვლელზე ჩამოყალიბებულები. იქაც ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა. ტრამპის ოჯახი, მასკი და რუბიო სენატორებთან ერთად,  უკრაინაში საკუთარი კანდიდატების გაყვანას ცდილობენ. ამიტომ ამ ეტაპზე ზელენსკი ამ დაპირისპირებულ მხარეებთან ლავირებას ახერხებს, ამიტომ შეძლო მან თანამდებობის ჯერ კიდევ შენარჩუნება.

– 28 მარტს 31 ევროპის სახელმწიფოების ხელმძღვანელები ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად შეთანხმდნენ, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ენერგეტიკული პოტენციალი, არ მოუხსნან სანქციები რუსეთს და დაიწყონ უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა. პროცესს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს. რა როლი ეკისრება ახლა ევროპას?

– ამ 31 ქვეყნიდან ჩათვალეთ, რომ მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ 9 ქვეყანას ეთქმის. დანარჩენი მათგანი ამ ქვეყნების იმედად და ფულზე არიან დამოკიდებულები. პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის დახმარების წილი უკრაინისთვის სასაცილოა. ვერც მოსთხოვენ, რადგან იტალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 14-ჯერ კოტრდებოდა და გერმანიამ გადაარჩინა. საბერძნეთი კი ახლა გაკოტრდა და რა დღეში იყვნენ კი გვახსოვს. თავად ისედაც ჩრდილო ევროპის დახმარებაზე არიან. ამიტომ 9 ქვეყანა, გერმანია, ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ევროპა, ვიკინგებს რომ ეძახიან, ესენი არიან მთავარი წამყვანები.

ევროპის დახმარება, რომელიც ამერიკის ტოლია, სწორედ ამ 9 ქვეყნის თაოსნობით არის. შესაბამისად, ეს 9 ქვეყანა ცდილობს არა მარტო უკრაინის დახმარებას, არამედ თავისი პოლიტიკური წონის მომატებას მსოფლიოში. ევროპა ელოდა, რომ ამერიკის პროტექტორებიდან გამოსულიყო, ეს მომენტიც დადგა. ამიტომ უკრაინის მილიონიან არმიას, ეს სახელმწიფოები, როგორც საკუთარ როქის სპას ისე განიხილავენ. ამათ და ამერიკელებს შორის ახლა ფაქტობრივი დავა მიდის იმაზე, ვინ დაეპატრონება უკრაინის მილიონიან არმიას. ასევე დავა მიდის უკრაინის სიმდიდრეებისთვის, რადგან გარედან უკრაინა უნდა კვებონ, შესაბამისად ეკონომიკაზეც კონტროლი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ უკრაინა გახდა ჟანდარმი, რომლის მართვისთვის დავა მიდის. დავა მიდის ასევე უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. ამერიკელებს და გერმანელებს შორის კონკურენციაა, რათა გერმანელები მის დაპატრონებას ცდილობენ. ამიტომ ამ ომის დაპირისპირებაში მხოლოდ პუტინი, ზელენსკი არ არიან.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინას შორის აღდგომისთვის სურს. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე, ეს შესაძლებელია?

– ამაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ დროის ლიმიტი პოლიტიკურ ფაქტორად აღარ განიხილება. როცა შევძლებთ ამ ომის ჩაცხრობას, მაშინ ჩავაცხრობთო. აქ უბრალოდ ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს ჩინეთის პოზიციის მკაფიო ჩამოყალიბებით. სანამ ჩინეთს რუსეთს არ ჩახსნი, მანამდე 17 თვის განმავლობაში რუსეთს ომის რესურსი კიდევ აქვს. ტრამპს ეგონა, რომ უკრაინის რესურსები რადგან შემოსაზღვრული იყო, ამერიკა რომ დახმარებით ჩაეხსნებოდა, ევროპაც ამას იზამდა, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ თუ ვინმეს ხელში ახლა რუსეთის მართვის ბლოკია, ეს ჩინეთია.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები