გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო, – აცხადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი, რომლის განცხადებასაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.
“საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში “ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა.
ამიტომ, გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება.
შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“, – აცხადებს ვაგენერი.
საელჩოს ინფორმაციით, რობინ ვაგენერი 17-18 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
“ბატონი ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა. ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან. ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას”, – აცხადებენ საელჩოში.