გიორგი მამისაშვილი, რომლის განცხადებითაც, აქციის პერიოდში საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა, 500 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო და გიორგი მამისაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თავად ბრალდებულმა რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის გამო, პროცესს ვერ მიუსწრო და განაჩენი მის დაუსწრებლად გამოიტანეს.
მისი თქმით, საპატრიარქოს ტერიტორიაზე რუსთავის ტრანსპორტს ელოდებოდა და გზის გადაკეტვის მცდელობა არ ჰქონია.
“დავჯარიმდი 500 ლარით, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწარი მოსვლა, საცობები იყო და დაახლოებით, 15 წუთი დამაგვიანდა და შემატყობინეს, რომ დავჯარიმდი 500 ლარით. გზის უკანონო გადაკეტვას მედავებიან, რაც ჩემი მხრიდან არ მომხდარა.
საპატრიარქოს მიმდებარედ ველოდებოდი სატრანსპორტო საშუალებას, რადგან გზა იყო გადაკეტილი იუსტიციასთან საპატრულო პოლიციის მხრიდან. გაიხსნა გზა, ჩავჯექი და წავედი სახლში. ფოსტით მომივიდა სასამართლოში გამოცხადების უწყება. რა მტკიცებულებასაც გავეცანი, ჩემთვის, არ იყო მისაღები, ჩემი ამოცნობა ვერ ხერხდებოდა. ადამიანი, რომელიც მანქანასთან იდგა, უბრალოდ მგავდა. მაინც არ იყო ეგ სამართალდარღვევა, მანქანასთან დგომა ჩანდა მხოლოდ”, – განაცხადა გიორგი მამისაშვილმა.
გიორგი მამისაშვილს 10 დეკემბერს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.