საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქართველოს მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. “ქართული ოცნება” პირდაპირ პასუხისმგებელია დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლაზე და ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები არის საქართველოს მომავლის შესახებ გავრცელებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულება ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე და შემდგომ რეპრესიებზე ქუჩებში გამოსული საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელიც საბოლოოდ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი რეპრესიების ტალღაზე და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.
საქართველოს სჭირდება გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მჭიდრო საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რჩება საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მამაც ხალხს და მათ არჩევანს ევროპული მომავლისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.