ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“მტკიცედ სოლიდარულები ვართ ქვეყნების მიმართ, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ არჩევანს. ღრმა სინანულით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
ვიმეორებთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტები და სისტემური დარღვევები, რომელთა შესახებაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს. აღვნიშნავთ, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა არის ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი, რომლის მიმართაც საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საკუთარი ერთგულება უნდა აჩვენოს.
მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული.
ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია გადახედოს და გამოიძიოს ეს არჩევნები და ყველა გადმოცემული დარღვევა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
გახადოს საჯარო და გამჭვირვალე ხმის მიცემის ოქმები, რათა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის მიცემის დროის, ადგილის და ფაქტობრივი მისამართის გადამოწმება.
გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად უფლებებს და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ვინც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის საარჩევნო პროცესის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.
მოვუწოდებთ ევროკავშირის ყველა ფონდის გაყინვისკენ, რომელიც მოიცავს საქართველოს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და მათ დახმარებას, გარდა იმ ფონდებისა, რომლებიც ეხება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საქართველოსთან, არ გამორიცხოს მისი ბოლომდე შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოხსენებული პირობები არ შესრულდება.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.