უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის “არამეგობრულ განცხადებებს და დამახინჯებულ შეფასებებს” გმობს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია.
“უკრაინისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასა და უკრაინელი ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. საგულისხმოა, რომ ქართველი ჩინოვნიკის აღნიშნულ განცხადებაში სიტყვა “რუსეთი“ ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები.
სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაცია, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს და უკრაინის საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლების, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.