საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 18 საკითხი განიხილეს.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება, რომლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ 133 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 160 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით. გადასაცემი ქონება მდებარეობს ხონში, ახმეტაში, ასევე ლაგოდეხის, წალკის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს ასევე განკარგულება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოცხადდება აუქციონი და შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური.
დღესვე მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონის პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში.
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ასევე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმა ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.
მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. პროგრამის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებაა.
პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
დამატებითი პროცენტული ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რათა მოხდეს მათი დაინტერესება და წახალისება არსებულ რეგიონსა და მაღალმთიანი დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მიზნით.
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.