მარია დარჩიევი, რომელიც საქართველოში ტურებს აორგანიზებს, აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო, გერმანელმა და რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაგეგმილ ტურზე უარი განაცხადეს.
“2013 წლიდან ვარ Personal Trip Planner და ვმუშაობ კონკრეტულ ჯგუფებთან (ძირითადად ამერიკელი ებრაელები, ამერიკელი ლიბერტარიანელები, რუსეთის ებრაელები/ოპოზიცია).
ბოლო ტური 2020 წლის თებერვალში მქონდა, აშშ-ის ერთ-ერთი State Representative მსტუმრობდა. მერე პანდემია და ტურიზმის პარალიზება.
4 ივლისს ჩემი სტუმრების რეკომენდაციით გერმანიიდან დამიკავშირდნენ, მთხოვეს ტურის დაორგანიზება 18-წევრიანი ჯგუფისთვის (გერმანია/სანქტ-პეტერბურგი). ამ დროს კაჭრეთში ვიყავი და შევთანმხდით, რომ 10 ივლისს გვექნება ქოლი და დეტალებს გავივლით.
დღეს ქოლი აღარ გვქონდა. მომწერა ორგანიზატორმა, მომიხადა ბოდიში და თქვა რომ “იმ ამბების მერე” გადაიფიქრეს, რადიკალებმა რამე არ გვიქნანო, მაგალითად, რუსულად რომ ვლაპარაკობთ ამის გამო არ გვცემონო. ანუ ამ ჯგუფში არის განსხვავებული ხალხი: ებრაელები, რუსები, ევროპელები, ტატუებით, შეიძლება გრძელი/ფერადი თმით, შეიძლება სხვა რელიგიის სიმბოლიკით, შეიძლება ლგბტ თემის წარმომადგენლებიც, შეიძლება კაცები, რომლებიც თხელ სიგარეტს ეწევიან, რავი. ხო და ამ ხალხს აქ ჩამოსვლა აღარ უნდა, რომ განსხვავებულობის გამო მათზე არ იძალადონ.
მე პირადად დავკარგე რამდენიმე ათასი ლარი. სასტუმროებმა (თბილისში, სვანეთში) დაკარგეს რამდენიმე ათასი ლარი. მე ვეღარ დავასაქმებ გიდებს, მძღოლებს, მასტერკლასების წამყვანებს (ჯამში 10-მდე პირს). ეს 18-წევრიანი ჯგუფი აღარ დახარჯავს ფულს რესტორნებში, სუვენირების მაღაზიებში. მაგრამ რა ვქნა? ჩემს ბნელ თანამოქალაქეს კარგ ცხოვრებას ურჩევნია იყოს ღარიბი მონა და შუა რუსთაველზე ლეზგინკას უბერავდეს. იესოს სახელით. ჩემნაირი პიდარასტების ჯინაზე”, – წერს დარჩიევი სოციალურ ქსელში.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ შვედმა ტურისტებმა 14 000-ევროიანი ჯავშანი გააუქმეს.