წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია ენკა.
ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.
გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.
მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.
წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს", – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.