ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 141-ე ღამემ ქუთაისში ჩაიარა. გუშინდელი, 14 მარტის მასშტაბური აქციის შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი ცენტრალურ მოედანზე დარჩა. აქტივისტებმა ღამე მანქანებში გაათენეს. დღეს დილით კი ნამახვანში გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ, ისინი ხეობის მიმდებარე პერიმეტრს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გააკონტროლებენ, რათა თურქულმა კომპანია "ენკამ" სამუშაოები არ განაახლოს.
მათი მოთხოვნაა: არ აშენდეს გიგანტური ჰესი, დატოვოს რიონის ხეობა კომპანია "ენკამ" და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, თბილისში გადაინაცვლებენ და უფრო მაღალი თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დააყენებენ.
"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ნამახვანში ღამის თენებებს. უკვე ველოდებით უახლოესს ხანში ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, დაკმაყოფილდება თუ არა ჩვენი მოთხოვნები. ამის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ აქციაზე, დავაანონსებთ დიდ შეკრებას თბილისში და დამძიმდება ჩვენი მოთხოვნები. არავის არ გვინდა, რაღაც ჩიხურ მდგომარეობაში შევიდეთ ჩვენ ყველა ერთად და მემგონი ხელისუფლებამ რაღაც გონივრული ნაბიჯები უნდა გადმოდგას ჩვენი მისამართით"-განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ, 14 მარტის აქციაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით 22 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.