ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოს სახელის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც მიუღებელია, როგორც ჩვენთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც ამ ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, მოახლოებული არჩევნების პარალელურად, გააქტიურდნენ ე.წ. საქართველოს ლობისტად წოდებული პირები, რომლებიც თითქოს, ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკით არიან დაკავებული, თუმცა მათი ქმედება, სინამდვილეში, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს ინტერესებთან.
“ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ერთად, ერთმანეთის სიცოცხლის და პირადი უსაფრთხოების ფასად დავიცავით და მოვიყვანეთ ქვეყანა იქამდე, სადაც დღეს ჩვენ ვართ და ისევ მზად ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა ფუნდამენტური უფლებების – თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი დაიცვას მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები, ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტოს ნებისმიერი რამ ისე, რომ არავინ მოახვიოს თავს მისი ნება-სურვილი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესი უფროა, ვიდრე საქართველოსთვის სასარგებლო მიზანი.
ამასთან, ქართულ საზოგადოებას აქვს იმის გარჩევის უნარიც, რომ სწორად შეაფასოს ამჟამად პენსიაზე მყოფ იმ ყოფილ მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომლებიც, თითქოს, საქართველოს გულშემატკივრად პოზიციონირებენ, თუმცა სინამდვილეშ მხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მესიჯ-ბოქსების გახმოვანებით და მათი ლობისტობით არიან დაკავებული”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.