უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მიერ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
“ომბუდსმენის სურვილი, რომ “კოვიდ” სტატისტიკის გართულების გამო, პრეზიდენტმა გამოაცხადოს საგანგებო ვითარება, გადაიდოს ადგილობრივი არჩევნები, არის მხოლოდ ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოპულისტური გამოხატვა, ან ოპოზიციური პოლიტიკური ძალების სურვილების გახმოვანება. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ომბუდსმენს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უპირველეს გარანტს, ამ უფლების დაცვა ახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე არჩევნებში საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა აქვს.
სახალხო დამცველს არ ახსენდებოდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ქვეყანაში უახლოეს წარსულში იგეგმებოდა არაერთი ხალხმრავალი აქცია ლგბტ ორგანიზაციების მიერ და კორონა ვირუსის მძვინვარების დროს, თურმე, არანაირი საფრთხე და ინფექციის გადაცემის საშიშროება არ არსებობდა აქციის მონაწილეებს შორის.
სახალხო დამცველი “აღშფოთებული იყო’’ ლგბტ აქციების აქტივისტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით, თუმცა არც ერთხელ არ მოუწოდებია აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეთათვის თავი შეეკავებინათ აქციების გამართვისგან. არადა, ყველამ იცის, რომ ვირუსის გავრცელების რეალური საშიშროება გაცილებით მეტია სწორედ ერთად შეკრებილ ეგზალტირებულ ასობით და ათასობით ადამიანში, ვიდრე დისტანციის დაცვით, მშვიდად და წესიერად ჩატარებულ არჩევნებში, თუნდაც იქ არსებობდეს მცირე რიგები.
უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში დიდი და საშუალო ზომის მარკეტებში ერთად უფრო მეტი ხალხი იკრიბება ყოველდღიურად, ვიდრე არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან ან უშუალოდ საარჩევნო ყუთებთან. ამის მიუხედავად, მარკეტების დაკეტვა არც ომბუდსმენს და არც არავის ანტივირუსულ ღონისძიებად არ მიუჩნევია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კოვიდის დროს არჩევნების ნორმალურად ჩატარების გამოცდილება და არავის უთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნებმა გააუარესა კოვიდსიტუაცია. მით უმეტეს, რომ მაშინ არ გვყავდა 1 მილიონზე მეტი აცრილი მოქალაქე”, – აცადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, მაშინ, როცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს ადგილობრივი არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებასა და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, სახალხო დამცველი საექსპერტო და პროფესიონალთა დასკვნების გარეშე ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ადგილობრივი არჩევნების გადადებას.
“ერთი წუთით დავუშვათ, რომ კოვიდის ვირუსი არ გაქრა კიდევ რამდენიმე წელი, და რა, არც კონსტიტუციური ვადით განსაზღვრული ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩავატაროთ და არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები? ეს რომ ხელისუფლებას ეთქვა, მაშინვე გაგვიჩნდებოდა ეჭვი, რომ ის ამ გზით აპირებს ხელისუფლების უკანონო გზებით შენარჩუნებას, მაგრამ როდესაც ამას გვთავაზობს სახალხო დამცველი, რომლის შეთავაზებაც ძირითადად აიტაცეს ოპოზიციურმა პარტიებმა, უკვე სხვა ეჭვები გვიჩნდება: ხომ არ არის ეს არჩევნებში ოპოზიციური პარტიების უცილობელი მარცხისგან გადარჩენის მცდელობა და ამის შეფუთვა იმ მიზეზით, რასაც სახალხო დამცველისგან ვისმენთ”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.