მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მის საოჯახო არქივში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა.
დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებს და აუდიოკასეტებზე ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, გოგი დოლიძის, ეკა მამალაძის, ასევე ანსამბლების – „ორერასა“ და „მელოდიას“ – შესრულებით. აქვეა ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 400-მდე ფოტო, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები.
“საქართველოს ეროვნული არქივის მდიდარი აუდიო და ფოტოკოლექციებისთვის ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივი მნიშვნელოვანი შენაძენია. საარქივო წესით დამუშავების შემდეგ დოკუმენტები დაინტერესებული პირებისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი”, – აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.