საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კოსმოსით, კლიმატური ცვლილებებითა და პლანეტის წინაშე მდგარი პრობლემებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის NASA Space App Challenge-ის საერთაშორისო ჰაკათონი გაიმართა. პროექტში მონაწილეობა 20-ზე მეტმა გუნდმა მიიღო, ჟიურის წინაშე კი 12 მათგანი წარდგა.
ჰაკათონში პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი NASA-ს და მსოფლიოს მთავარი კოსმოსური ცენტრებიდან მიღებულ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობდნენ, შეემუშავებინათ გლობალური პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე მუშაობდნენ, ჟიურიმ კი თითოეული მათგანის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი Space-Born RNA გახდა. ისინი ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრობიოლოგიის საიდუმლოებების ამოხსნაზე – ანუ კოსმოსში სიცოცხლის არსებობის კვლევაზე მუშაობდნენ.
მათ შექმნეს ისეთი კოსმოსური ბიოლოგიის მონაცემთა ბაზა, რომელიც სპეციფიკურ კოსმოსური ბიოლოგიის კითხვებზე პასუხების პოვნას გაამარტივებდა.
ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, Space-Born RNA-ის გუნდმა შეიმუშავა ისეთი გადაწყვეტა, რომელიც თავს უყრის და ამუშავებს ნასას ბიოლოგიური კვლევების მონაცემებს და ამზადებს მათ მანქანური სწავლების (Machine Learning, ML) მოდელების ტრენინგისთვის, რაც კოსმოსში სიცოცხლის არსებობის კვლევას ამარტივებს. გამარჯვებული გუნდი დაკომპლექტებულია ბიოინფორმატიკოსებით, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ინჟინრებით.
მეორე გამარჯვებულმა გუნდმა კი ისეთი გადაწყვეტა შექმნა, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს, მარტივად აღიქვან და გაიაზრონ წყლის ციკლი დედამიწის სისტემაში და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს კლიმატური ცვლილება ამ კრიტიკულ რესურსზე.
აღნიშნული დავალების ფარგლებში, გამარჯვებული გუნდი Base2 გახდა. მათ შექმნეს თამაში, რომელიც ბავშვებს მარტივი, სახალისო გზით ასწავლის, რა ციკლს გადის წყალი დედამიწაზე. თამაში მიზნად ისახავს, ახალგაზრდებს დაეხმაროს იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, თუმცა შეზღუდული რესურსია სუფთა წყალი ჩვენს პლანეტაზე და რა საფრთხეებს უქმნის მას თანამედროვე კლიმატის გამოწვევები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამარჯვებული გუნდების პროექტები NASA Space App Challenge-ის საერთაშორისო ტურზე იქნება წარდგენილი. მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო პროექტების ავტორები კი იანვარში გამოვლინდებიან.
(R)