spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ “ოცნებას“, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს

ჩვენი გუნდი, პარტია “გახარია საქართველოსთვის“, მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნებისმიერი ამნისტია სამართლიანი უნდა იყოს.

 

“ამნისტია ჰუმანური აქტია და ჰუმანურობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. რაც უფრო მეტ ბრალდებულს შეუმსუბუქდება მდგომარეობა სამართლიანად, მივესალმებით.

 

ამასთან, ნებისმიერი ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი. უსამართლობაა ამნისტია შეეხოს რეალური დანაშაულის ჩამდენ პირებს და არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი “დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.

 

ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას, კრიმინალებთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას.

 

ხელისუფლებამ ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა – ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ „გლოვოს“ კურიერს, რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. „მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს.

 

შესაბამისად, სამართლიანი ვერ იქნება ამნისტია, რომელიც არ არის დაფუძნებული ანალიზზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ „ოცნების“ მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომორჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ:

 

წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული;

 

ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია;

 

დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს.

 

ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, განვიხილოთ „ოცნების“ მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები