spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილმა პარტიის მხარდამჭერების მიმართ მუქარისა და ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაასახელა

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მუქარისა და ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაასახელა.

 

“გვსურს საზოგადოებას საარჩევნო კანდიდატების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მორიგი დანაშაულების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. ხელისუფლება პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას 2011-12 წლებში. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს გააკეთოს შეფარული მეთოდებით და სახე ამგვარად შეინარჩუნოს, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია დაფარული ვერ დარჩება“, – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

 

ნათია მეზვრიშვილმა პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე მედიასა და საზოგადოებას პარტიის მხარდამჭერების დევნის, დაშინების, ზეწოლისა და მათ მიმართ სახელმწიფო უწყებებისა და ძალოვნების მხრიდან განხორციელებული უკანონო მოქმედებების კონკრეტული მაგალითები წარადგინა. 
ბრიფინგს უშუალოდ ესწრებოდნენ მხარდამჭერები, რომელბმაც მედიასთან თავად ისაუბრეს პარტიის მხარდაჭერის გამო მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ. 

 

“როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეგონა, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები შეშინდებოდნენ. მაგრამ რაც უფრო მეტად იზრდება ზეწოლა გუნდის წევრებზე, მხარდამჭერებზე კანდიდატებზე- მით უფრო მეტად იზრდება ჩვენი მხრიდან ბრძოლის სურვილი. მუქარა-ზეწოლები ხორციელდება, როგორც კანდიდატების და მხარდამჭერების, ისე მათი ახლობლებისა და ნათესავების მისამართით.  

 

მინდა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, არ შეგეშინდეთ, ვილაპარაკოთ, ღიად, საჯაროდ, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ხელისუფლებას შეეშინდეს და ჩვენ ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და აუცილებლად მიგვიყვანს არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მეზვრიშვილმა მედიას მუქარისა და ზეწოლის კონკრეტული ფაქტები წარუდგინა:

 

“პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს გია სოლომნიშვილს რომელიც გურჯაანის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ აიპში მუშაობს შემდუღებლად – დაემუქრნენ სამსახურიდან განთავისუფლებით, იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი არ შეწყვეტდა პარტიის მხარდაჭერას და პარტიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

 

პარტიის აქტიური მხარდამჭერის ყვარლის მერიის მთავარი სპეციალისტის ლევან ხუციშვილის მიმართ აქტიურად იყენებენ პოლიციას, რომელიც ფაქტიურად ეუბნება მხარდამჭერს, რომ პრობლემებს შეუქმნის მას.

 

პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედის და დეიდის მიმართ განახორციელეს მუქარა-ზეწოლა, კერძოდ გუბერნატორმა დაიბარა ეს ადამიანები და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა ლევანის აქტიური მხარდაჭერის გამო პარტიის მიმართ და უარის შემთხვევაში დაემუქრნენ რეორგანიზაციით გაშვებით.

 

მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაწერონ განცხადებები და არ დატოვონ პოზიციები –  ჩვენ  ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა ერთ-ერთი შემთხვევა – მაჟორიტარობის კანდიდატს მერი დაემუქრა ბიზნესზე ზეწოლით და პარტიულ საქმიანობაზე უარის ართქმის შემთხვევაში პრაქტიკულად პირდაპირ უთხრეს, რომ აკაკი ბართაიას ბედს გაიზიარებდა.

 

კახეთის რეგიონში დაფიქსირდა ბიზნესზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა. ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადამიანებს დაემუქრნენ ჩვენს პარტიაში გადმოსვლის შემთხვევაში ბიზნესისთვის პრობლემების შექმნით. თითოეულ ამ ქეისზე დღეს ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. 

 

პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე გუნდის განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა ბუტა რობაქიძის საქმის დაზარალებულ ფიგურანტს – აკაკი ბართაიას, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის მხარდაჭერის გამო დააკავეს და იარაღი ჩაუდეს. 

 

„მე არ შემიძლია განსაკუთრებული მხარდაჭერა გუნდის სახელით არ გამოვუცხადო აკაკი ბართაიას იმ გამბედაობისთვის, რომელიც მან გამოავლინა და მინდა დავპირდე მას გუნდის სახელით, რომ აუცილებლად ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ უკანონოდ დაკავებული აკაკი ბართაიას გათავისუფლებისთვის.

 

მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ უკანონო მეთოდების გამოყენება. მინდა სამართალდამცავი ორგანოების გასაგონად ვთქვა – ის, რასაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ და ის, რაც ყველა წინა ბრიფინგზე ვილაპარაკეთ, ყველაფერი დანაშაულის ნიშნების შემცველია და სამართლებრივ სახელმწიფოში ამას უნდა მოყვეს რეაგირება. ამაზე რეაგირება უნდა იყოს არა ისე, როგორც აკაკი ბართაიას საქმეზე მოყვა, დღემდე პროკურატურას ამ ფაქტზე – გამოძიება ადამიანის უკანონო დაკავებაზე, იარაღის ჩადებაზე და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, როდესაც სასამართლოდან ეს ადამიანი ციხის მიმართულებით მიჰყავდათ – არ დაუწყია“, – აცხადებს  მეზვრიშვილი.

 

ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ყველა მხარდამჭერს მოუწოდა მათდამი ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე ღიად ისაუბრონ.

 

„ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, ამ მოქმედებების შეწყვეტას და ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად მინდა ვთქვა – რომ ამ ყველაფერზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ კიდევ უფრო აქტიურად, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად მიიყვანს  დასასრულამდე – რა თქმა უნდა, არჩევნების გზით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები