“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას” აკისრებს.
“დაუფიქრდით, ვისაც ლოგიკა აქვს და ვისაც არ აქვს იმათაც ადვილად შეუძლიათ დასკვნა გააკეთონ – ვის აწყობდა ის, რაც მოხდა? ვინ ძაბავდა საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობას? ვის და რაზე აფრთხილებდნენ პრემიერ-მინისტრი თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და რა მოხდა რეალობაში.
ჟურნალისტებზე თავდასხმა არის თუ არა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება სკანდალი და საერთაშორისო ყურადღება მიიქციოს? ევროკავშირის დროშის დახევა, მაშინ როცა ევროკავშირში ჩვენი პოზიციები ყოველდღიურად ძლიერდება. დაპირისპირება და ისეთი სასტიკი ცემა ადამიანების, თანაც ეკლესიის სახელით ვის აწყობს? იმათ ხომ არა, ვისაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და არაერთი კიდევ განხორციელებული. ასე რომ, თემა, თითქოს მთავრობას უკავშირდება რამენაირად ის არეულობა, რასაკვირველია, თითიდან არის გამოწოვილი. ეს წარმოადგენს დესტაბილიზაციის ამოცანის შესრულების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, რაც არასდროს დაუმალავთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე როცა მაქვს საუბარი, ზუსტად იცის ხალხმა, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. მასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, რაც უკავშირდება დესტაბილიზაციის პროცესებს” – განაცხადა გია ვოლსკიმ.