“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვილი წევრის, გონიო – კვარიათის მაჟორიტარ დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლაში აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის მამას დავით რიჟვაძეს ადანაშაულებს.
მათ შესაბამისი აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. “ნაციონალური მოძრაობა” მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ასევე, ისინი მოითხოვენ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის გადადგომასაც, რომლის ბიძაც, ჩანაწერების მიხედვით, ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში ფიგურირებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, თორნიკე რიჟვაძის ოჯახი ფუტკარაძეს ფულს სთავაზობდა, რომ მას დაეტოვებინა ოპოზიცია და მმართველი პარტიის რიგებში გადასულიყო.
ენმ-ის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აიყვანას თხოვენ და ასევე და მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსსაც.
“უკვე არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ექცევიან ასე, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა. პირველად მას 10 ათასი დოლარი შესთავაზეს. ამის შესახებ ისაუბრა გიორგი კირთაძე 5 ნოემბრის ბრიფინგზე, როდესაც ამან შედეგი ვერ გამოიღო, 100 ათას დოლარზე გადავიდნენ და 20 პროცენტს შუამავლები ითხოვენ. ჩანს, როგორ ვაჭრობენ ამ ქვეყანაში და ამომრჩევლის ნება გვერდზე როგორ არის გადადებული.
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩაერთვება ამაში. იმედი გვაქვს, რომ ამაზე რეაგირებას მოახდენენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის ელჩი და სხვა ჩვენი თანამეგობრობის ელჩები”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ზეწოლა ხორციელდება სხვა დეპუტატებზე.