დღეს ენმ-ს წევრებმა ნიკა ობოლაძემ და ბესო შენგელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართეს და იძულებით გადადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმა წარადგინეს.
“30 წელზე მეტია, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, იძულებით გადადგილებულ პირთათვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და ადამიანები პროტესტის ნიშნად თავს იკლავენ.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დევნილთა წლიური განსახლების ჯამმა მაქსიმუმ შეადგინა 3000 ოჯახამდე, ერთ წელიწადში. ამ მიდგომით დევნილთა განსახლებას სახელმწიფო მოანდომებს 18 წელიწადს”, – განაცხადა ბესო შენგელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის მიხედვით, 40 000 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საჭიროა გამოიყოს 2.4 მლნ კვ/მ ფართობი, რის შედაგადაც ერთ ოჯახი საშუალოდ 60 კვ/მ ფართობის ბინას მიიღებს. სულ პროექტისთვის კი საჭირო იქნება 3.6 მლრდ ლარი, ანუ კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 1 500 ლარი, ანუ 500 დოლარი იქნება.
“აღნიშნული თანხა ჯამურად არის 2 წლის ბიუჯეტის 9%. თუ გამოირიცხება კორუფცია, თუ გამოირიცხება ასობით მილიონი ლარი, რომელიც ემსახურება პარტიული სტრქუტურების შენახვას, თუ იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, აუცილებლად იქნება ეს ხარჯები”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
ობოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ იარსებებს პოლიტიკური ნება იმისა, რომ გამორიცხული იყოს კორუფცია, არამიზნობრივი ხარჯები და იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო შეძლებს და 2 წელიწადში უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შეუქმნის იძულებით გადაადგილებილ პირებს.
„დღეს არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც ამბობს, რომ კიდევ 18-20 წელი არ იქნებიან ეს ადამიანები (დევნილები) დაკმაყოფილებილი საცხოვრებლით”, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.