ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული ჯგუფის “ჰამასის” მასიური თავდასხმის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია.
“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. ეს არ არის ოპერაცია, არ არის ესკალაცია, ეს არის ომი და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის ისეთ ფასს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გაუგია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
7 ოქტომბერს, გამთენიისას “ჰამასმა” ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ და ცენტრს შეუტია. ისროლეს ათასობით რაკეტა და ჭურვი, დაბომბვა გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში “კონტრტერორისტული ოპერაციის” დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ათობით გამანადგურებელი თავს ესხმის “ჰამასის” ობიექტებს. ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.