ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მტრის განადგურების ოპერაციის პირველი ეტაპის დასრულება გამოაცხადა. მისი თქმით, მტრის ძალების უმეტესობა განადგურებულია.
“ჩვენ შევდივართ გრძელ და რთულ ომში. ეს ომი ჩვენ “ჰამასის” თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ დროს მთავრდება ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმეტესი ნაწილის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ეტაპი და ის გაგრძელდება უპირობოდ და მოსვენების გარეშე სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ჩვენ დავუბრუნებთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებს და მივაღწევთ გამარჯვებას”, – წერს ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ასევე გამოაცხადა გადაწყვეტილება ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიის, საწვავის და საქონლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
იმავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს, მანამდე კი მოუწოდა ღაზას მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები მათი უსაფრთხოებისთვის.
7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელზე ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1590 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან 19 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 293-ის მდგომარეობა მძიმეა, 315 – საშუალო სიმძიმის, 715 – მსუბუქი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 250-ზე მეტი ადამიანი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.