ისრაელი გამოიყენებს თავისი არმიის სრულ ძალას ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის გასანადგურებლად”. ისრაელის ჯარებმა დღეს “ბოევიკების” მიერ დაკავებული ისრაელის ტერიტორიების უმეტესი ნაწილი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მოქალაქეებისადმი მიმართვაში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი დაამარცხებს “ჰამასს”, მაგრამ “ბოევიკების” წინააღმდეგ ომს დრო დასჭირდება.
“ყველა ადგილი, სადაც ისინი ბოროტების ჩადენას გეგმავდნენ, სადაც ახლა იმალებიან, მთლიანად განადგურდება. ეს ომი იქნება ხანგრძლივი და რთული, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ის ასევე შურისძიებით დაემუქრა ტერორისტებს ისრაელზე თავდასხმების დროს ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე ძალადობის გამო.
“ისრაელი ანგარიშს გაუსწორებს მათ, ვინც ზიანს გვაყენებს. რაც დღეს მოხდა, არასოდეს მომხდარა ისრაელში. შურს ვიძიებთ ამ ბნელი დღისთვის”, – აღნიშნა მან.
7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელზე ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ბრძოლები ამ დროისთვისაც გრძელდება.
ისრაელის ჯარებმა უკვე დაიბრუნეს “ჰამასის” ბოევიკების მიერ დაკავებული დასახლებების უმეტესი ნაწილი.
“ჰამასის” ტერორისტების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა სულ მცირე 1452-ია. დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი.