რუსეთი იაპონიაზე თავდასხმისთვის ემზადებოდა 2021 წლის ზაფხულში, თითქმის ნახევარი წლით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას წამოიწყებდა, – ამის შესახებ Newsweek წერს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ცნობილი ელექტრონული ფოსტით გახდა, რომელიც აგენტმა ზედმეტსახელად “ცვლილების ქარი“ გაუგზავნა რუს უფლებადამცველ ვლადიმერ ოსეჩკინს, რომელიც ანტიკორუფციულ ვებსაიტს Gulagu.net-ს ხელმძღვანელობს.
რუსეთის ფედერაციის FSB-ს ინფორმატორის მიერ გაზიარებულ საიდუმლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთი 2021 წლის აგვისტოში “საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდა ლოკალური სამხედრო კონფლიქტისთვის“ იაპონიასთან.
“ვარაუდი, რომ ქვეყნები გადავიდოდნენ მწვავე დაპირისპირების და ომის ეტაპზეც კი მაღალი იყო. რატომ იქნა არჩეული საბოლოოდ უკრაინა ომისთვის (სცენარი დიდად არ შეცვლილა) პასუხს სხვები გასცემენ”, – განაცხადა წყარომ.
მისივე თქმით, კრემლის მომხრე პროპაგანდისტებს უნდა გაეძლიერებინათ რუსების სიძულვილი იაპონელების მიმართ, იგივე ტერმინოლოგიის გამოყენებით – “ნაცისტები” და “ფაშისტები”, რაც საბოლოოდ უკრაინელების მიმართ იყო. ამ პროპაგანდისტული კამპანიის პირველი ნაბიჯი იყო FSB-ს მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საიდუმლო სამსახურები აწამებდნენ საბჭოთა მოქალაქეებს და ატარებდნენ “საშინელ ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს” საბჭოთა სამხედრო ტყვეებზე. გარდა ამისა, ამტკიცებდნენ, რომ იაპონია თითქოსდა დივერსიის მოწყობით 1938 წლიდან ემზადებოდა სსრკ-სთან ომისთვის.
“ომი რუსეთისთვის გარდაუვალი იყო ხელმძღვანელობის მანიაკალური სურვილის გამო”, – აცხადებს წყარო.
წერილში არ არის განმარტებული, რატომ გადაიფიქრა მოსკოვმა და გადაწყვიტა სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება უკრაინის წინააღმდეგ.
შეტყობინება გადაამოწმეს Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის ექსპერტებმა.
Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორის ხრისტო გროზევის თქმით, “მან წერილი აჩვენა FSB-ის ორ რეალურ კონტაქტს”, რომლებსაც “ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ის მათი კოლეგის დაწერილია”.