ირაკლი კობახიძის განცხადება არის ანტიდასავლური, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ანტიჩინურ კამპანიას არავინ აწარმოებს, უბრალოდ, მეტი სიფრთხილეა საჭირო ჩინეთთან თანამშრომლობისას, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის პოლიტიკა სიფრთხილით არის გასატარებელი, რადგან ის კომუნისტური ქვეყანაა და ამან დასავლეთთან ურთიერთობაში ქვეყანას ხელი არ უნდა შეუშალოს.
“ირაკლი კობახიძის განცხადება არის ანტიდასავლური, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან გააქტიურდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამერიკის წინააღმდეგ. ისინი აკრიტიკებენ ამერიკას და აცხადებენ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რატომ არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაშინ, როცა ჩინეთმა უკვე მოხსნა ვიზა მიმოსვლას.
“ქართული ოცნებისთვის” გამაღიზიანებელია ჯანსაღი კრიტიკა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. ანტიჩინურ კამპანიას არავინ აწარმოებს, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩინეთი ავტორიტარული და კომუნისტური ქვეყანაა, ამიტომ, საქართველოს ფრთხილი პოლიტიკის გატარება მართებს ჩინეთთან.
პირადად მეც ჩინეთთან თანამშრომლობის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები არ გაუფუჭდეს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტმა ასევე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის პირობებზეც და განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოში პირველი ქვეყანაა მიგრანტთა რაოდენობით, რის გამოც, უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან ვერ დააწესებს.
“რაც შეეხება ამერიკას, ვიცით, რომ აშშ-მა 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამერიკამ ამ კუთხით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რადგან საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ვიზა ეძლევა, მრავალჯერადია, 10 წლის განმავლობაში შეუძლიათ ამ ვიზით სიარული.
აქედან გამომდინარე, ამერიკას რაც შეუძლია, იმას აკეთებს. უვიზო რეჟიმს ის საქართველოსთან ვერ დააწესებს, რადგან მიგრანტთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, მაგრამ ამ რეალობას “ქართული ოცნება” ხალხს უმალავს, არ ეუბნება”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ეს არის შემაშფოთებელი. მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სურვილია, აშშ-სთან პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაშიც მან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები იგულისხმა.