თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9-პუნქტიანი გეგმა და როგორ აისახება მსოფლიოში განვითარებული მოვლენები საქართველოზე – ამ და სხვა საკითხებზე Front News ექსპერტს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
– საქართველომ დეკემბრის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო და განსაზღვრა 9 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის დათქმების შესრულებას არ აპირებს, ორივე მხრიდან ისმის ურთიერთბრალდებები. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ იმისათვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი არ შეეშალოს?
– რეკომენდაციები, რომ შესრულდეს, პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია. პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა ეს აიღოს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც. ამასთანავე, აუცილებელია, რომ შეწყვიტონ ანტიდასავლური რიტორიკა და დეზინფორმაციის გავრცელება ევროპასთან დაკავშირებით, რომ მათ ჩვენი ომში ჩართვა სურთ. აქ საჭიროა საინფორმაციო პოლიტიკის გატარება. შემდგომში საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური კუთხით გაძლიერება და აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი.
– ევრორეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა სანდოობაზეც. რა გავლენა აქვს ამ პროცესს ევროინტეგრაციაზე?
– ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, საჭიროა, რომ პირველ რიგში, სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი. ჯერჯერობით ბევრი მოსამართლეა მიკერძოებული, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს, ისინი ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფებიან. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-მა რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ სანქციებიც კი შემოიღო ამის გამო. პრობლემაა, რომ დღეს სახელმწიფოში არსებობს ე.წ. შერჩევითი სამართალი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს.
– საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობებს აღრმავებს. ახლა უკვე უვიზო მიმოსვლაც დაწესდა. თქვენი აზრით, რა შედეგებს მოიტანს ეს საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით და როგორ აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე?
– 1990-იან წლებში, როდესაც საქართველო-ჩინეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა 3 მილიონ დოლარს, დღეს კი სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა საქართველო-ჩინეთს შორის აღემატება 1მილიარდ 600 მილიონ დოლარს. ჩინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური პარტნიორი. ერთი მხრივ, ჩინეთთან ვაჭრობის განვითარება არ არის ცუდი, იმიტომ, რომ ჩინეთთან აშშ-ც და ევროკავშირიც ვაჭრობს და სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის აღემატება 500 მილიარდ ევროს, მაგრამ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა გადაიზარდოს ისეთ ურთიერთობებში, სადაც საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩინეთზე დამოკიდებული გახდება და რაც დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, ამიტომ, ეს ურთიერთობა უნდა დააბალანსოს საქართველომ ისეთ დონეზე, რომ არ გამოიწვიოს რთული პროცესები საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
– როგორ ფიქრობთ, აშშ-ის მიმართ რატომაა სკეპტიკურად განწყობილი მმართველი პარტია, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში?
– აშშ-ის მხრიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რის გამოც მმართველი გუნდი გაღიზიანებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასამთავრობოები საქართველოში რაიმე ანტისახელმწიფოებრივს აკეთებენ. ასეთ დროს ხელისუფლება ცდილობს, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს რიგ საკითხებში აშშ პრობლემას უქმნის საქართველოს იმ ფონზე, როცა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ-მ 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო მარტო გრანტის სახით.
– რაც შეეხება საქართველო-უკრაინის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. უკრაინასთან ურთიერთობაში დაძაბულობა ამ დრომდე არსებობს, პარალელურად რუსეთთან აღდგა საჰაერო მიმოსვლა, როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას?
– საქართველოს რეალური და ნამდვილი მეგობარი არის უკრაინა. საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ ის მთავარი საერთო, რასაც ჰქვია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამიტომ, საქართველო უნდა ესწრაფოდეს უკრაინასთან თანამშრომლობის განვითარებას, ორივე ქვეყანამ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე ხელჩაკიდებულებმა უნდა იარონ. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულებით ზრდით, იზრდება საქართველოს პოლიტიკური დამოკიდებულებაც რუსეთზე, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უარყოფითად აისახება. საქართველოს თითქოს არ სურს რუსეთის გაღიზიანება და ამიტომაც, თითქოს პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა, რეალობა ისაა, რომ ამის ფონზე რუსეთი ამყარებს ურთიერთობებს აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან და არანაირად არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც კი, ამიტომ, საქართველო უნდა დაუახლოვდეს დასავლეთს, რომ დასავლეთის სახით საქართველოს ჰყავდეს სანდო პარტნიორი.
გასაგებია რა დონის აგრესორსაც წარმოადგენს რუსეთი, საბედნიეროდ, წარუმატებელ აგრესორს იმიტომ, რომ რუსეთმა უკან დაიხია და რიგ ტერიტორიებზე უკრაინაში კონტროლი დაკარგა, მაგრამ რუსეთის მიზანი ასევე ჰამასის გააქტიურებაც იყო. რუსეთი და ჰამასი მუდმივად თანამშრომლობდნენ. რუსეთი დაინტერესებული იყო ჰამასის გააქტიურებით, რომ გარკვეულწილად ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულიყო და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადატანილიყო უკრაინიდან იმ მოვლენებზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება.
თინათინ ლობჯანიძე
Front News