spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – რუსეთისთვის ახლა დათმობა, სხვა ახალი კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობა იქნება

საუდის არაბეთში გამართული აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ 18 თებერვალს უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყო მიწვეული.

ტრამპმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შეშფოთებაზე და განაცხადა, რომ უკრაინას ძალიან დიდი დრო ჰქონდა პრობლემის მოსაგვარებლად და აქვე დაამატა, რომ ზელენსკის  4%-იანი რეიტინგი აქვს და არჩევნები უკრაინაში უნდა ჩატარდეს.

მას ასევე ზელენსკის პასუხი მოჰყვა, რომ ახლა 57%-იანი მხარდაჭერა აქვს და მისი შეცვლა თუ ვინმეს სურს, ახლა ეს გამოვა, ტრამპი კი “დეზინფორმაციულ სივრცეში” ცხოვრობს.

როგორ შეიძლება უკრაინა ომის მოლაპარაკების ირგვლივ მოვლენები განვითარდეს და რა სცენარებზე შესაძლოა, საუბარი იყოს.

Front News-სთან ინტერვიუში კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგოუსაფრთხოების და სტრატეგიული  საქმეების სპეციალისტი ნიკა ჩიტაძე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს და ტრამპის გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით რისკის მატარებლად აფასებს.

– საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან არ იყო მოლაპარაკების პირველ რაუნდზე მიწვეული უკრაინა და ევროპა. ზელენსკიმ ამაზე საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ის რუსეთის ულტიმატუმს არ დაემორჩილება. ამას მოჰყვა ტრამპის პასუხიც, რომელიც საკმაოდ ხისტია. ის ამბობს, რომ ევროპას ჰქონდა 3 წელი ომის დასრულებისთვის და ასევე ზელენსკის არაკომპეტენტური უწოდა, რომელსაც 4%-იანი რეიტინგი აქვს. რა არის აშშ-ის პრეზიდენტის მოტივაცია და როგორ აფასებს მოვლენების ამგვარ განვითარებას?

– რუსეთის მცდელობა იქნება, რომ აშშ-ს გავლენის სფეროების გადანაწილება შესთავაზოს. მე მგონია, რომ პუტინმა ტრამპის განზრახვებში სუსტი წერტილი დაინახა. გვახსოვს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის განცხადებები მექსიკის ყურესთან, პანამის არხთან და გრენლანდიასთან დაკავშირებით. ახლო აღმოსავლეთში ღაზას ფაქტობრივად მითვისებასთან დაკავშირებით. აქ მე ასეთ სურათს ვხედავ, რომ ტრამპს უნდა ყურადღება გარკვეულწილად გრენლანდიის საკითხზე, ევროკავშირის აშშ-ის ურთიერთობებზე გადაიტანოს. შესაძლებელია უბრალოდ პუტინი ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რათა ტრამპს გავლენის გადანაწილება შესთავაზოს. რუსეთის მანევრირების საშუალება პოსტსაბჭოთა სივრცეში მიეცეს, პირველ რიგში უკრაინასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ კი რუსეთი თვალს დახუჭავს აშშ-ის განზრახვებზე გრენლანდიასთან, პანამასთან, კანადასთან, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია მისასალმებელია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის გარეშე არანაირი შეთანხმება არ უნდა შედგეს. უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ასევე საერთაშორისო მშვიდობისთვის.

– ტრამპმა არაერთხელ დააანონსა, რომ მას აქვს უკრაინის ომის დასრულების გეგმა, მაგრამ  ოფიციალურად ჯერ ეს დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. თუმცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა თქვას უარი ნატოზე, ასევე უნდა დაივიწყოს 2014 წლამდე არსებული სტატუს-კვო. ასევე აშშ ითხოვს უკრაინის ძვირფას ლითონს და მინერალებს, რომლის ღირებულებაც 500 მილიარდი დოლარია. ასევე აშშ ამბობს, რომ ისინი საკუთარ ჯარისკაცებს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ფრონტის ხაზზე სამშვიდობო მისიისთვის არ გააგზავნიან. ნიშნავს თუ არა ეს გეგმა უკრაინის ფაქტობრივ კაპიტულაციას?

– კი ბატონო, უკრაინა არ უნდა დასთანხმდეს არცერთ იმ გეგმას, სადაც მისი ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება გარანტირებული. თუნდაც  მოხდეს შეთანხმება, რომ რუსეთი დონეცკიდან და ლუგანსკიდან გავიდეს, ყირიმი დარჩეს რუსების კონტროლქვეშ, ესეც აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს. რუსეთი თავს ამ შემთხვევაში გამარჯვებულად  ჩათვლის. სამწუხაროდ მგონია, რომ პუტინი არც დონეცკის და ლუგანსკის დათმობას აპირებს. პუტინი საკუთარ მოსახლეობას განუცხადებს, რომ მისი მიზანი გაეთავისუფლებინათ დონეცკი და ლუგანსკი ნეონაცისტური უკრაინელებისგან, შესრულებულია. ამ შემთხვევაში, თუ რაღაცა დათმობა მოხდება, ბუნებრივია, ეს ამერიკის უკან დახევა იქნება. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ  ტრამპის პოლიტიკა იყოს ასეთი, მოითხოვოს მაქსიმუმი და მიიღოს მინიმუმი. რაც შეეხება უკრაინაში არსებულ მინერალურ რესურსებს, როგორიც არის ტიტანი, ლითიუმი, ნაწილი ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეც არის ეს მინერალები, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობის.  ასევე არის გაზის და ქვანახშირის მარაგებიც. ყირიმთან სიახლოვეში, საზღვაო აკვატორიაში ფიქლური გაზის მარაგები არსებობს.

– ჩვენ ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება სწორედ საუდის არაბეთის შეხვედრის შემდეგ, რომ ევროკავშირს მოუწევს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და როგორც ჩანს, იგივე რუსებმა ამერიკისგანაც მოითხოვეს. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ სანქციების ამ მინერალებში გაცვლა ხდებოდეს, რათა აშშ-ის მიეცეს საშუალება რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე წვდომა ჰქონდეს.

– არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, თქვენი ვერსიაც განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მე მაინც მივიჩნევ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას არაფრის ფასად არ დასთანხმდება. მაშინ ასეთი შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ რუსები ამ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების სრულად გაყვანას მოახდენენ, ხოლო  უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა მოხდება. შემდეგ აშშ და რუსეთი ამ მინერალების და ლითონის ირგვლივ მოლაპარაკებას გამართავენ. უკრაინაც არის დაინტერესებული, რომ ინვესტიციები ამერიკამ დააბანდოს. მით უმეტეს სამთო მრეწველობაში. პრობლემა არის ის, რომ რუსეთი ჯარის გაყვანას ნაკლებსავარაუდოა, დასთანხმდეს.

– მაშინ თუ არც უკრაინაა თანახმა ამერიკის გეგმაზე და არც რუსეთი იტყვის თანხმობას უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე, მოვლენათა განვითარების რა სცენარებზე შესაძლოა, ვისაუბროთ?

– სამწუხაროდ, სიტუაცია არ არის მარტივი და ბევრი ვერსია შესაძლოა, დაშვებული იყოს. თუმცა ორ ძირითად სცენარს გამოვყოფდი, ერთი არის პესიმისტური, რომლის მიხედვითაც ომი უკრაინაში გრძელდება და ტრამპის ყურადღება გადანაცვლებულია საკუთარ შიდა პოლიტიკაზე და სამეზობლოზე. ამ შემთხვევაში კი უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს. მით უმეტეს 17 და 19 თებერვალს ევროპელი ლიდერების შეხვედრები გაიმართა. თუმცა არის უფრო ოპტიმისტური სცენარი, რომ შესაძლოა, ტრამპმა განაცხადოს, რომ თუკი რუსეთი ამერიკის წინადადებას არ დასთანხმდება, მაშინ შესაძლებელია ამერიკამ ეკონომიკური სანქციები გააძლიეროს, დახმარება გაუგრძელოს და გაუზარდოს უკრაინას. ამიტომ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები იმდენად ყოველდღე სხვადასხვანაირია, რთულია საბოლოო სურათზე საუბარი.

– ევროკავშირი ახსენეთ და ტრამპი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან მათ ჯერჯერობით ადგილს არ უყოფს. ამბობს, რომ ევროპას ჰქონდა ამდენი ხანი შანსი ეს ომი დაესრულებინა. რატომ ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტი ევროპის იგნორირებას ამ მოლაპარაკებებში?

– ეს არის ტრამპის შეცდომა, რადგან ის ევროპას კონკურენტად განიხილავს და არა პარტნიორად. აქ შესაძლებელია მისი მრჩევლებიც რაღაცა ფორმით გავლენას ახდენდნენ, ვსაუბრობ ილონ მასკზე და სხვებზე. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს არის აშშ-ის შეცდომა, რადგან ევროპასა და მათ შორის ბევრი ღირებულებები არსებობს, რაც დემოკრატიას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ტრამპს ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება უნდა აწყობდეს. ამიტომაც მგონია, რომ ეს დიდი შეცდომაა, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზის ევროპა. თუმცა არ მგონია, რომ ეს ბოლომდე შესაძლებელი იყოს. ევროკავშირი მიხვდა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის მხრივ უფრო უნდა გაძლიერდეს. შესაბამისად, ევროკავშირი რჩება ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ, ამიტომ ტრამპს უნდა თუ არა, ევროპის გათვალისწინება მოუწევს. მით უმეტეს, როცა საუბარი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მიდის.

– როგორ ფიქრობთ, თუკი უკრაინის გაყოფა მოხდა და პუტინმა შეძლო ტრამპის დაყოლიება ამ სცენარზე, მაშინ არსებობს თუ არა საფრთხე იმის, რომ რუსეთმა დანარჩენი ევროპის გადაყლაპვაც სცადოს. ყველაზე მოწყვლადად კი ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთი და საქართველო სახელდება. არსებობს რისკი, რომ პუტინმა შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიტაცება დაიწყოს? 

– რა თქმა უნდა, ამის ძალიან დიდი  საფრთხე არსებობს და სწორედ ამაზე საუბრობს ევროპაც. პუტინს  თუ გაუვიდა უკრაინაში, ფაქტია ის სხვა ტერიტორიების მიტაცებასაც შეეცდება. ამის ნათელი მაგალითი კი 2008 წელია, როცა ქართველები სწორედ ამას ვამბობდით და არავინ დაგვიჯერა. შემდეგ იყო 2014 წელს ყირიმი და ახლა 2022 წელს ნახევარი უკრაინა უნდა. ამიტომაც რუსეთი თუ ჩათვლის, რომ უკრაინაში გაუვიდა, არაა გამორიცხული, საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი გაუჩნდეს. აგრესია განახორციელოს ბალტიისპირეთის ტერიტორიების მისამართით, რადგან ის ადრე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ. ასევე დიდი საფრთხის  წინაშე დადგება საქართველოც. მიუხედავად სანქციებისა, მას აქვს იმის რესურსი, რომ ომი კიდევ აწარმოოს და მას ეს არ გაუჭირდება. რუსეთის ბიუჯეტის ერთი მესამედი სამხედრო აგრესიისთვის გამოიყოფა. პლუს სანქციების მიუხედავად, ის ეკონომიკურ სავაჭრო კავშირებს ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ბევრ ქვეყანასთან ინარჩუნებს. ამიტომ რუსეთისთვის დათმობა, სხვა ახალი კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობა იქნება.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები