საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა საჯარო ლექცია – “საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ” გამართა
გილაურის განცხადებით, რეალურად, 3-4 წლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მაღალი შემოსავლების ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ გაატარებს იმ რეგიონალურ პოლიტიკას, რომელიც იქნება დღევანდელი მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი.
“ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ და მე პირადად ვიმუშავე ჩვენს რეგიონში და დავინახეთ ის არაჩვეულებრივი პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს გააჩნია გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონალური ჰაბი, ეკონომიკური ჰაბი, რეგიონალური ცენტრი დასაქმების, საინვესტიციო ცენტრი, ლოგისტიკური და ტრანსპორტის ცენტრი.
ძალიან დიდია მოთხოვნა დივერსიფიკაციაზე. დივერსიფიკაციაზე რეგიონის რუსეთისა და ჩინეთისგან და ახალი ინვესტორების შემოყვანაზე სწორედ საქართველოს გავლით ევროპიდან და ამერიკიდან. შესაბამისად, ეს არის იდეალური თანხვედრა – საქართველოს პერსპექტივა ევროპაში და ამავდროულად, ეს როგორ შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.
რეალურად, 3-4 წლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მაღალი შემოსავლების ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ გაატარებს იმ რეგიონალურ პოლიტიკას, რომელიც იქნება დღევანდელი მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი ჩვენი რეგიონისთვის.
ლაპარაკია არა დერეფანზე, არამედ პლატფორმაზე, სადაც სწორედ აქ მოხდება ახალი კომპანიების ჩამოყალიბება, აქ მოხდება ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, აქ მოხდება მთავარი ინვესტორების ჯერ შემოსვლა და შემდეგ აქედან შესვლა დანარჩენ რეგიონში.
არანაირი პოლიტიკური განცხადება აქამდე მე არ გამიკეთებია. სპეციალურად არ გავაკეთე მე ეს ლექცია გასულ კვირას იმიტომ, რომ მეუბნებოდნენ, ეგ რომ გააკეთო, ყველა იტყვის, რომ სიებში გინდა შესვლაო და არანაირი სურვილი არ მაქვს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში შესვლის და როგორც ხედავთ, არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ჩემი ვალდებულება იყო, რომ ის შანსი, გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც არაჩვეულებრივია და გამოსაყენებელია, კიდევ დამატებითი შანსი, რომელიც ქვეყანას მოუტანს ძალიან სწრაფი გამდიდრების პერსპექტივას, ეს შანსი მინდოდა საზოგადოებისთვის გამეცნო”, – განაცხადა გილაურმა.