უთხრეს, რომ მიგვყავხართ რუსთავში, ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანში. ანუ დაემუქრნენ, თუ ცუდად გახდები, გადაგიყვანთ გლდანში, სადაც გაწამეთო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის და ის გორის ჰოსპიტალიდან ყალბი დიაგნოზით გამოწერეს.
“მთავარი არის ის რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი, 27 და 30 დეკემბრის ფორმა არის იდენტური – ვითომ გამოჯანმრთელებიული, სინამდვილეში ის გამოჯანრთელებული არ არის, ის უარესად არის, ვიდრე იყო აქედან წასვლამდე. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგი დაბრუნდა იგივე წონით, რითაც გავიდა. რაც მოწმობს იმას, რომ არ მომხდარა, რეფიდინგით მისი აღდგენა. არც წონის მატებაა, პირიქით კუნთების მოდუნება აქვს და განლევა წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში”-განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, გორის პოსტიტალიდან გაყვანისას მესმე პრეზიდენტზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, რადგან არც მას ჰქონდა წინააღდეგობის გაწევის უნარი.
“ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული, მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, მას წინააღდეგობის გაწევის უნარი არ ქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე. თქვა, რომ მივხვდი, აღელვების ნიადაგზე შეიძლება უარესი დამმართნოდაო. ამიტომ არ გაუწევია მას წინააღდეგობა. უთხრეს, რომ მიგვყავხართ რუსთავში, ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება, ანუ, დაემუქრნენ, თუ ცუდად გახდები, გადაგიყვანთ გლდანში, სადაც გაწამეთო. ახლა ვიმყოფებით საკონცენტრაციო ბანაკში“, – განაცხადა გვარამიამ.
როგორც მან აღნიშნა, გლდანში გადაყვანის მუქარა ძალაში რჩებადა შესაბამისად მიხეილ სააკაშვილს ცუდად გახდების ახდომის უფლებაც წართმეული აქვს.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური დაწესებულებიდან.
“ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს მდგომარეობა ასე დასრულდება სწორედ, უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება დასრულდება, მაგრამ ამ ხელისუფლების დასასრული რომ ახლოს არის, ეს თვითონაც იციან ძალიან კარგად. ამ წუთში ამ ეტაპზე ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა, თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება, ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს, ისე, რომ ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ.