“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც არ ცნობს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას და ახალ არჩევნებს და ივანიშვილის მოკავშირეების დასანქცირებას ითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანს და უკიდურესად მძიმეს უწოდებს.
მისი შეფასებით, საყოველთაო პროტესტმა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის და მედიის ერთიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
“ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შესწორებები ყველა გავიდა, გარდა იმისა, რასაც სპეკულირებს “იმედი”, რომ თითქოს ინიციატივა იყო პრო-“სამთავრობო“. ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ახლა დარჩა ორი რამ: აღსრულება ბრიუსელში და პროტესტის გაძლიერება და გაფართოება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.
მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მხრიდან. ევროპაში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თუ ერთიანი სანქცია ვერ იქნა ევროკავშირის მხრიდან, მოგეხსენებათ უნგრეთის და სლოვაკეთის პრობლემა, იქნება ცალკეული ქვეყნების სანქციები. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს ქონება აქვს საფრანგეთშიც, რომლის მოქალაქესაც ის წარმოადგენს საქართველოსთან ერთად.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა. ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ნებამ და რუსთაველზე გამართულმა პროტესტებმა და ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ ოპოზიციონერებმაც, ვინც აქ ვიყავით და კოლეგებმაც თბილისიდან, ყველა თავის პარტიულ ჯგუფს ეკონტაქტა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების და არ გამომრჩეს მედიის როლი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტშია აღიარებული.
ერთად შევძელით. ეს მოხდა ევროპარლამენტში, ევროსაბჭოშიც და რაც მთავარია, მოხდება საქართველოში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.