ჩვენ ვართ ამ ქარტიის ხელმომწერები და გავყვებით ბოლომდე ყველაფერს, რაც იქ წერია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი არჩევნები ჩაივლის, აუცილებლად დაიწყება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
“კარგად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტს. მან ისაუბრა ქართული ქარტიის შესახებ. ჩვენ ვართ ამ ქარტიის ხელმომწერები და გავყვებით ბოლომდე ყველაფერს, რაც იქ წერია. მათ შორის, რუსული კანონის გაუქმების ნაწილში და არა მხოლოდ რეფორმების ნაწილშიც.
და რაც მთავარია, არჩევნებისთანავე დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასაუბრო თემა დელეგაციასთან“, – განაცხადა გვარამიამ.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მის პირობებს შეასრულებენ.