ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე წამსვლელებს უნდა ვუპასუხოთ ჩვენც ყველაფერზე წასვლით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმპოლი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მხედრიონი და ყველა მათგანი არის სათითაოდ შერჩეული.
“ამიხსენით, ვინ გადააქცია კრიმპოლი კარების გადამრაზავ მასად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კრიმპოლი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მხედრიონი და ყველა მათგანი არის სათითაოდ შერჩეული, რომ ვინმე არ გაეპაროთ. ეს მხედრიონი მიუსიეს ჟორჟოლიანს, ჯერ სუსი ხომ შეუშვეს, მერე საინტერესოა, რომელი კანონიერი საფუძვლით მიმდინარეობდა მარიამ გეგუჩაძის სახლის ჩხრეკა. ადამიანის, რომელიც პროკურატურის საქმის ფიგურანტი არ არის.
ამბავი არის წარმოუდგენელი. გამოსავალი არის ერთადერთი – ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებს ნანუკა ჟორჟოლიანი, გინდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გინდა, როგორც მოქმედებდა დღეს ამ ვითარებაში. ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი და თუ გვინდა, რომ სამშობლო გადავარჩინოთ, ყველაფერზე წამსვლელებს უნდა ვუპასუხოთ ჩვენც ყველაფერზე წასვლით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.