მოვრჩეთ უსაფუძვლო მოლოდინებს და ვიმოქმედოთ თავად! ამ ტრაგედიით დავიწყოთ! – არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ! რაში გვჭირდება მთავრობა და მის მიერ გამოცხადებული გლოვის დღე? გავმართოთ წუთიერი დუმილის აქციები, შენობებში თუ გარეთ, სამსახურში თუ სუპერმარკეტებში! 1 დღით მაინც გავაჩეროთ ცეკვა-თამაში და გართობა ტელევიზიებში, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბახმუტში დაღუპული ქართველი გმირების გამო. სამძიმარი გამოვთქვა არა მარტო მათი ოჯახების, მეგობრების და ჭირისუფლების მიმართ, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, ვისაც დაგვრჩა ღირსება და ზნეობა, ვიგლოვოთ საკუთარი გმირები. ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არ მახსენდება სიკვდილის ირგვლივ არ გაერთიანებულიყოს ერი, არ მახსენდება, გლოვას არ გავეერთიანებინეთ. არც ის მახსენდება, ასე უმწეოდ ვხვდებოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აყრას. სამწუხაროა, რომ ჯერაც არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ ხელისუფლებისგან რაიმეს მოლოდინს არავითარი რაციონალური საფუძველი არ აქვს.
სამწუხაროა, რომ ჯერაც ვერ მოვიშალეთ ამ ხელისუფლების დამუნათება და მოწოდებები, იმოქმედონ მორალური კანონის შესაბამისად და გულის პატრიოტული კარნახით. მგლის თავზე სახარების კითხვაა, მორალი მოსთხოვო არამორალურს, პატრიოტიზმი მოსთხოვო სამშობლოს განცდის არმქონეს, ჰუმანურობა მოსთხოვო სადისტს.
მოგიწოდებთ, შევწყვიტოთ ეს მოლოდინები და რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით. მოვრჩეთ უსაფუძვლო მოლოდინებს და ვიმოქმედოთ თავად! ამ ტრაგედიით დავიწყოთ! – არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ! რაში გვჭირდება მთავრობა და მის მიერ გამოცხადებული გლოვის დღე? გავმართოთ წუთიერი დუმილის აქციები, შენობებში თუ გარეთ, სამსახურში თუ სუპერმარკეტებში! 1 დღით მაინც გავაჩეროთ ცეკვა-თამაში და გართობა ტელევიზიებში (ყველა გემოვნების ტელევიზიებს ვგულისხმობ)! უარი ვთქვათ ცეკვა-თამაშში მონაწილეობაზე! ვატაროთ შავი სამკლაურები ან გლოვის სხვა სიმბოლიკები! ვისწავლოთ გადაწყვეტილებების თავად მიღება! ვისწავლოთ თვითორგანიზება! გავაცნობიეროთ, რომ მთავრობა არ გვყავს, და რაც გვყავს, ის მთავრობა არ არის, რამეთუ გამოხატავს არა ჩვენს აზრს და იცავს არა ჩვენს ინტერესებს!
ვისწავლოთ ცხოვრება ამ მთავრობის გარეშე და მათი დღის წესრიგის მიღმა! ვისწავლოთ ეს, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, თუ გვინდა რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა!”, – წერს გვარამია.