მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმდა და მას უკვე მეხსიერების პრობლემები აქვს.
“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ამასთან, გვარამიას თქმით, ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.
“რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი და არ გამოხატავს არც მეუფე შიო, ან ვინმე სხვა.
მე პირადად, ნიკა გვარამია ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას ყოველგვარი შუამავლების გარეშე და მინდა მისი ინფორმირება და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია პირადად.
კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ამ ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას.
ეს არის პირადად თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ სანდო ვითარებაში და მისთვის სასურველ დროს, ადგილას და პირობებში”, – განაცხადა გვარამიამ.