დგებუაძის მითითებით, წყალი არ დაალევინეს, არ გაუშვეს საპირფარეშოში, პირდაპირ უთხრეს – არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსასო, არ მოიყვანეს ადვოკატი და ადამიანი არის საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის აპირებს, მზია ამაღლობელის გათავისუფლებისთვის მუშაობას.
“პირველად შევხვდი მზიას, აღმაფრთოვანებელი ადამიანია. მზია არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. დგებუაძის მითითებით, წყალი არ დაალევინეს, არ გაუშვეს საპირფარეშოში, პირდაპირ უთხრეს – არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსასო, არ მოიყვანეს ადვოკატი და ადამიანი არის საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი. კომენტარიც კი მიჭირს.
მე მართლა ვაპირებ, მოვიარო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს ამბავი მოვყვე და მოვითხოვო მათი თავისუფლება. მზია უნდა გამოვიყვანოთ. ის ახლა შიმშილობს, წყალს იღებს მხოლოდ. მთავარი მან ითხოვა, რომ ყველა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობის შესრულებას. ძალიან გამბედავი და სწორი ადამიანი გავიცანი. მისი ხერხემალი მყარია, ის არის ნამდვილი მებრძოლი ჟურნალისტი. ის მხნედ არის.
მზია არ აღიარეს მსხვერპლად და მზია ნამდვილად მსხვერპლია. ის უნდა იყოს აღიარებული, როგორც დაზარალებული. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი სივრცეა სამუშაოდ და ვაპირებ მუშაობას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად 11 დღეა, შიმშილობს.