მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად, – აცხადებს ნიკა გვარამია სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში” საუბრისას გვარამია აცხადებს, რომ პოლიტიკური პროექტი, სადაც ის იქნება, აუცილებლად იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული.
“ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი, სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში მაგალითად, ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა…
მე სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და იმედია, რომ ასე იქნება. მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს “მოდი ჩემთანს” ვინც მეუბნება და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში. ზუსტადაც, რომ ახალს გამოვიგონებ [ველოსიპედს], მე და ისინიც ვისთან ერთადაც ვიქნები”, – აცხადებს გვარამია.
ნიკა გვარამია არ ასახელებს ამ ადამიანების ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ ესენი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ისინი ვინც არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა კავშირი აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და ისინიც ვისაც ნამუშევარი აქვთ საჯარო სამსახურსა და საჯარო სფეროში.
“ნიკა გვარამიასთან კოალიციაში შედის არასწორია. ნიკა გვარამია და… გააკეთებენ კოალიციას, ისინი იქნებიან ერთად. არავინ არ მოდის ჩემთან, არავისთან არ მივდივარ მე. ჩვენ ვართ ერთად და ვაკეთებთ ამას ერთად. ეს მოიტანს სირთულეებს, მაგრამ ეს მოიტანს სიძლიერესაც. აქ იქნება სიახლის ეფექტი, რომელიც ყოველთვის გულისხმობს სირთულეებს, მაგრამ, ძალიან გამაძლიერებელი იქნება”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” წასვლას არ აპირებს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მე არ მივდივარ, “ნაციონალური მოძრაობა” ჩემთან არმოდისთქო რომ ვთქვა, სასაცილოც იქნება. თანამშრომლობა ამის შემდეგ როგორ იქნება და ა.შ. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ მერე, როცა ეს საკითხი რელევანტური იქნება. ამ წუთში ეს საკითხი რელევანტური არ არის”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ცვლილებებისკენ გზა სიახლესა და ახალ ადამიანებშია.
როგორც ნიკა გვარამიამ დააანონსა, ბრძოლას ამ ყველაფრისთვის, თებერვლიდან დაიწყებს.