შეიძლება თუ არა, რომ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის წყაროს დასახელების გარეშე გავრცელება შეეზღუდოთ? – აღნიშნული კითხვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დასვა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტში სხდომას, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ, დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათი კითხვები დაჩქარებული წესით ცვლილებების გატანის ამიზანშეწონილებას უკავშირდება.
განსაკუთრებული ინტერესი “საარჩევნო კოდექსისთვის“ სპეციალური მუხლის დამატების საკითხმა გამოიწვია, რომელიც ჩამონათვალს ადგენს.
ნიკა გვარამიას კითხვას კომისიის თავმჯდოიმარემ უპასუხა: “ბატონო ნიკა, არ არის საუბარი ამაზე”.
საარჩევნო კანონმდებლობში კონკრეტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც შესაბამისს ჩამონათვალს ადგენს.
პროექტის მიხედვით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; საკრებულოს წევრი; მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე; მოსამართლე; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; პროკურატურის თანამდებობის პირი; საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; საარჩევნო კომისიის წევრი; დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; ასევე, სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.