“ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეკა არ დარჩება მარტო. დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს”, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეწამყვან ეკა კვესიტაძის მიერ “რუსთავი 2”-სთვის გადასახდელი ჯარიმა ძალაში დატოვა.
“რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი რ2-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას.
პირადად მე, როგორც “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს”, – წერს გვარამია.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “მთავარის არხის” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ “რუსთავი 2”-ს 25 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. ამავე დროს, “რუსთავი 2”- ს დაეკისრა კვესიტაძისთვის 13 ათასი ლარის ანაზღაურება.