ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი 7 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა.
მომავალ სასამართლო პროცესზე მოსამართლე აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.